ვოლოდიმირ ზელენსკი - „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე გამოტანილი პირველი განაჩენი უმაღლესი დონის დამნაშავეების გასამართლების საფუძველია

ნიდერლანდებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. არსებობს პირველი განაჩენი იმ მკვლელებისთვის, რომლებმაც 2014 წელს დონბასის ცაზე მალაიზიური ბოინგი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც ის დონბასში "მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდების საქმეზე ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„სამ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და აუცილებლად დადგება დღე, როცა ისინი ამ სასჯელის აღსრულებას დაიწყებენ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამ მკვლელს არ ეხება. რუსეთმა ბევრი იცრუა ამ კატასტროფაზე, მაგრამ მაინც დადგინდა ძირითადი ფაქტები. ახლა დამნაშავეები გაასამართლეს და შეიქმნა საფუძველი, რომ უფრო მაღალი დონის დამნაშავეებიც დაისაჯონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საუბარია მათზე, ვინც პირადად არიან პასუხისმგებლები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში - თავდაპირველ დანაშაულში, რომელმაც დასაბამი მისცა ყველა დანარჩენს, რომელიც რუსებმა 2014 წლიდან ჩაიდინეს.
„ეს არის ის, რის გარეშეც შეუძლებელია მსოფლიოს დაცვა ისეთი ომების განმეორებისგან, როგორიც არის რუსეთის აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც ყველა მკვლელი და ჯალათი გასამართლდება, როცა მათი მეთაურები და პოლიტიკური მფარველები სამართლიან სასჯელს მიიღებენ, როდესაც რუსეთი აანაზღაურებს რუსეთის აგრესიით მიყენებულ ყველა ზარალს, ეს იქნება ძალიან მყარი საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსეთის თითოეულ ომის დანაშაულსა და ყველა მათ ტერორისტულ დარტყმას სამართლებრივი პასუხი გაეცეს.
შეგახსენებთ, გუშინ, ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში "მალაიზიის ავიახაზების" რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა. სასამართლომ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი მოქალაქე და უკრაინის ერთი მოქალაქე. სამივე მათგანს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

























