ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთმა უკრაინას სამშვიდობო პირობები არ უნდა უკარნახოს

უკრაინის დასავლელმა მხარდამჭერებმა არ უნდა უკარნახონ კიევს სამშვიდობო პირობები და უნდა აღიარონ, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, რუსეთის წინააღმდეგ მთელი ევროპის დასაცავად იბრძვის, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა.
”ჩვენ არ უნდა ვუკარნახოთ უკრაინას სხვა სამშვიდობო პირობები, თუ ისინი იბრძვიან საკუთარი გადარჩენისთვის”, - აღნიშნა ლიპავსკიმ, როდესაც ჰკითხეს, არის თუ არა გონივრული 2014-მდე პერიოდის საზღვრების აღდგენის მოთხოვნა.
„სასწორზე გაერო-ს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი დევს. პუტინს სურს გაანადგუროს პრინციპი, რომ სახელმწიფოთა საზღვრების უხეში ძალის გამოყენებით შეცვლა არ შეიძლება“,- აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაიცვას, რადგან მათი ბრძოლა მეზობლის წინააღმდეგ დასავლეთსაც იცავს.
”უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი, რომ არ სურდათ მოსკოვის იმპერიის ნაწილი ყოფილიყვნენ”, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საკმაოდ ადვილია პასუხის გაცემა, ვინ არის დამნაშავე".
„სამშაბათს 100-ზე მეტი რუსული რაკეტა მიფრინავდა უკრაინის მიმართულებით ერთი მკაფიო მიზნით: უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების, ადამიანების დახოცვისა და ტერორის დათესვის მიზნით. კიევს უფლება აქვს, დაიცვას თავი თავდასხმისგან“, - აღნიშნა იან ლიპავსკიმ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეცხრე რაუნდზე.

























