ბულგარეთის პროკურატურამ სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი ტერაქტების მხარდაჭერისთვის წარუდგინა

ბულგარეთის პროკურატურამ 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი ტერორისტული აქტების მხარდაჭერისთვის წარუდგინა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბულგარეთის მთავარმა პროკურორმა, ივან გეშევმა განაცხადა.
მისი თქმით, სამი მოლდოველი მამაკაცი, ერთი სირიელი ქურთი მამაკაცი და ერთი ქალი ბულგარეთის სპეცრაზმმა მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ დააკავა.
"ბრალდება ხუთ ადამიანს აქვს წაყენებული. ბრალდება ორგვარია - სხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მხარდაჭერა, კერძოდ, სტამბოლში მომხდარი თავდასხმა და ადამიანებით ვაჭრობა", - განაცხადა გეშევმა.
მისი თქმით, თურქეთის პროკურატურამ უკვე მოითხოვა ზოგიერთი ეჭვმიტანილის ექსტრადირება. აღსანიშნავია, რომ გუშინ, თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა აფეთქებაში ეჭვმიტანილ 17 ადამიანს, მათ შორის პირს, რომელმაც სტამბოლის ცენტრში ბომბი დადო.
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი - დაშავდა. თურქეთის მთავრობამ მომხდარში ქურთი მებრძოლები დაადანაშაულა. თურქეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი სირიაში ქურთმა მებრძოლებმა გაწვრთნეს.

























