ლევან ბეჟაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა სჯობს, კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს

სალომე ზურაბიშვილმა სჯობს, თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომ „თუკი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“.

„ვფიქრობ, ფუჭია მოლოდინი, რომ არსებული სასამართლოს პირობებში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში შეიძლება რამე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მთელი ეს პროცესი ხასიათდებოდა სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობით, პოლიტიკური დევნით და ზეწოლით. ამიტომ, პრეზიდენტისთვის ასეთი განცხადება უმართებულო იქნება, მან ჯობს თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქვეყანაში ინსტიტუციები ჩამონგრეულია“.

„ეს განცხადება იმ რეალობას ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. ქვეყანაში არსებობს კლანური მართლმსაჯულება, რომელიც ხელისუფლების ინტერესებს შეესაბამება, არ არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობა, როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამ ვითარებაში რაიმე ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი წარმოუდგენელია. ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას მართლმსაჯულების რეფორმის ჩვენეულ ხედვას, რომელიც სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საშუალებას მისცემდა ქვეყანას, რომ ევროპული პერსპექტივა მოეპოვებინა...

მთელ ამ პროცესში, რასაც მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემის რეფორმის განხორციელება ჰქვია, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობის გამოყოფაა მნიშვნელოვანი. ოპოზიციას მხოლოდ დამხმარეს როლის შესრულება შეუძლია, ოპოზიცია კონკრეტული ხედვებით და ალტერნატივებით ყოველთვის გამოირჩეოდა. პასუხისმგებლობა უნდა გადავანაწილოთ მთლიანად ხელისუფლებაზე, ისინი არიან პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუციების არარსებობაზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორების განცხადებები უნდა გაიზიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სანქციების წინაშე დადგებიან.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებები ნიკა გვარამიასთან, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიულ ვითარებასთან მიმართებაში უფრო და უფრო მკაცრი ხდება, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს, ან ისინი დადგებიან სანქციების წინაშე, ან შეასრულებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს, მოუპოვებენ ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას. ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტისათვის ეს განცხადება უნდა იყოს სახელმძღვანელო, რადგან მან პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როგორც ქვეყნის მეთაურმა, კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და დეპოლარიზაცია მოახდინოს თავისი გადაწყვეტილებით და ქვეყანას ევროპული პერსპექტივის შანსი მისცეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა