ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის საომარ მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მებრძოლთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მსიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენები გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს II საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე და 243-ე ბატალიონების 13 სამხედრო მოსამსახურეს.

მათი ცნობით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ გადასცეს.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულების ისტორია დაიწერა იმ გმირების ბრძოლითა და თავგანწირვით, რომელთა ოჯახის წევრებიც თქვენ ბრძანდებით. ჩვენს ქვეყანას, თავისი არსებობის მანძილზე, გმირები არასოდეს დაჰკლებია და თქვენი ოჯახის წევრებსაც ერგოთ პატივი, ამ გმირთა სავანეში გადაენაცვლათ. ამ ორდენების უკან დგანან სამშობლოსათვის შეწირული ადამიანები, რომელთაც შეგნებულად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე.მათი ღვაწლი უნდა დაფასდეს და მომავალმა თაობებმა იცოდნენ მათი თავგანწირვის შესახებ. მისასალმებელია, რომ დღეს, სახელმწიფოს აქვს გამოხატული ნება, უკვდავყოს ქვეყნისთვის თავდადებულთა სახელები“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში კობა კობალაძემ.

„ჩვენ, სამშობლოსათვის, ერთად ვიბრძოდით ბრძოლის ველზე, თუმცა, ღმერთმა ისინი გამოარჩია გმირებად. ამიტომაც მათი სახელები თაობებმა უნდა იცოდნენ. საზოგადოება უნდა იცნობდეს ქვეყნის იმ შვილებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ვალი საკუთარი სიცოცხლით მოიხადეს. სამხედრო ჩინის მიუხედავად, მათ, ყველას ერთი სახელი_სამშობლოსათვის თავდადებული ჰქვიათ. გარწმუნებთ, ჩვენ,ვინც აქ ვსხედვართ,ვისურვებდით მათ ადგილზე ყოფნას, რადგან ყველა მეომრისთვის ბედნიერებაა ბრძოლის ველზე სიკვდილი“, - განაცხადა დავით თევზაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის N 07/10/04 განკარგულების საფუძველზე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: გაბედავა თენგიზ ღუღუნის ძე; სილაგაძე რომეო ჯემალის-ძე; კუხალაშვილი გოჩა ნიკოლოზის ძე; თუთისანი ჟორა პავლეს ძე; ჩაკვეტაძე ვახტანგ ვალიკოს ძე; ხოლო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი გადაეცათ ლეჟავა როინ დომეს ძეს, ბებია ალექსანდრე ილიას ძეს,ურიდია მედეა აკაკის ასეულს, ყურაშვილ ჯანსუღ ჯიბილოს ძეს, ცხვირავაშვილ არჩილ ოთარის ძეს, ბებია რეზო ტერენტის ძეს, ბენდელიან ვიტალი ოთარის ძეს და სვანიძე ბეჟან ბაგრატის ძეს.

სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფოს მესვეურთა მიმართ მათი ოჯახის წევრთა ღვაწლის დაფასებისთვის მადლიერება გამოხატეს და ხაზგასმით აღნიშნეს მათ მიმართ პირადად კობა კობალაძისა და მთელი სამსახურის გულისხმიერი დამოკიდებულება და თანადგომა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს