ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი გატეხვა არ მოხდება ამ განუწყვეტელი პოლიტიკური დევნით და თავდასხმებით, რომლებსაც უკვე ოთხი წელია „ქართული ოცნება“ მისი ლიდერებით ახორციელებს

ჩვენ ვდგავართ მტკიცედ, ჩვენი გატეხვა არ მოხდება ამ განუწყვეტელი პოლიტიკური დევნით და თავდასხმებით, რომლებსაც უკვე ოთხი წელიწადია „ქართული ოცნება“ მისი ლიდერებით ახორციელებს, - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე, შედეგზე მსჯელობა ძნელია.

„თვითონ პროცესიდან გამომდინარე ძნელია იმსჯელო, რა შედეგი შეიძლება დადგეს იმიტომ, რომ წინა სასამართლო განხილვაზე გიორგი არევაძემ საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მთელი განხილვიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო. არევაძემ იურისპრუდენციაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროკურატურის მიერ შეწყვეტილი საქმის საფუძველზე, რისი დადგენილებაც თვითონ პროკურატურის მიერ არის მიღებული, გაგვამტყუნა. ასეთი რამ ჯერჯერობით ქართულ სასამართლოსაც კი არ ახსოვს. დღეს იყო ავთანდილ წერეთლის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა. ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ დღევანდელ სასამართლოში სამართლის მოძებნა შესაძლებელია. ეს შეუძლებელია, სამწუხაროდ, როდესაც არის პოლიტიკური დაინტერესება. დაველოდოთ შემდგომ სხდომას. მეოთხე წელიწადია დევნა გრძელდება, ჩვენ ვდგავართ მტკიცედ, ჩვენი გატეხვა არ მოხდება ამ განუწყვეტელი პოლიტიკური დევნით და თავდასხმებით, რომლებსაც უკვე ოთხი წელიწადია „ქართული ოცნება“ მისი ლიდერებით ახორციელებს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს