სტუ - უნივერსიტეტის დოქტორანტმა ურთულესი მათემატიკური ამოცანის ამოხსნის გზას მიაკვლია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარმა, თეიმურაზ საღინაძემ ურთულესი მათემატიკური ამოცანის ამოხსნის გზას მიაკვლია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში დოქტორანტის სამეცნიერო კვლევითი პროექტის - „ლაპლასის გარდაქმნის შებრუნებულის გამომთვლელი რიცხვითი მეთოდების პროგრამული დანერგვა“ - სამეცნიერო განხილვა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის დოქტორანტის კვლევის თემატიკა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს-მდივნის, რამაზ ხუროძისა და სტუ-ის პროფესორის, ცნობილი მათემატიკოსის, ივერი კაკუბავას სამეცნიერო პრობლემატიკის შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, დოქტორანტ თეიმურაზ საღინაძის კვლევითი პროექტის სამეცნიერო განხილვის მიზნით, შექმნა სპეციალური კომისია შემდეგ მეცნიერთა შემადგენლობით: სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე (თავმჯდომარე), აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, სტუ-ის პროფესორები: ივერი კაკუბავა, თინათინ კაიშაური, მერაბ ახობაძე. სამეცნიერო განხილვაზე კომისიამ, ასევე, მოიწვია თეიმურაზ საღინაძის სადოქტორო თემის ხელმძღვანელი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის იუზა ვერულავას სახელობის მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მურმან კუბლაშვილი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი თეიმურაზ საღინაძე აღნიშნავს, ლაპლასის ტრანფორმაციის შებრუნებულის გამომთვლელი რიცხვითი მეთოდების პროგრამული დანერგვით, შესაძლებელია გამოთვლებით მიღებული შედეგების ერთ პროგრამულ მოდულში განთავსება და რთული სიტუაციების განზოგადება, რაც სამუშაოების შესრულებას გაცილებით გაამარტივებს.

„ეს არის სპეციფიკური თეორია, რომელიც მრავალი მიმართულებით, მათ შორის აეროინჟინერიაშიც გამოიყენება, სამშენებლო პრაქტიკული თვალსაზრისით კი, პირდაპირ კავშირშია ბზარების ამოცანებთან. თავისთავად, ინტეგრალური მეთოდები თეორიულად რთულია, თუმცა სხვა თვალთახედვით, ამ მეთოდებით მუშაობა ძალიან მარტივია. ჩემი მიზანია, ლაპლასის ტრანფორმაციის შებრუნებულის გამოთვლით მიღებული რიცხვითი შედეგები ერთ პროგრამულ მოდულში მოვათავსო და განვაზოგადო რთული სიტუაციებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბზარი გლუვია, პასუხის გამოთვლა პროგრამულად შესაძლებელია. შევეცდები მარტივად ავხსნა: პრაქტიკულად, რიცხვითი ამოხსნისას ორი რამ გვაინტერესებს - მივიღოთ ნიშნულობა და რამდენად შორსაა მოცემული ნიშნულობა ჭეშმარიტებისგან. ყოველთვის მოიძებნება ფუნქცია, რომელიც ამა თუ იმ მეთოდს „გააფუჭებს“, მაგრამ როცა უკვე შეგვიძლია შევაჯეროთ ის, თუ რა კლასის ამოცანებთან გვაქვს საქმე და რომელი მეთოდი მუშაობს კარგად, შესაძლებელი ხდება კონკრეტული რთული ამოცანების ამოხსნა ისე, რომ ერთ დღეში პროგრამულად დაიწეროს შესაბამისი გრაფიკები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, - განმარტავს სტუ-ის დოქტორანტი თეიმურაზ საღინაძე.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის იუზა ვერულავას სახელობის მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტის პროფესორის, მურმან კუბლაშვილის განცხადებით, თეიმურაზ საღინაძის სადოქტორო თემა სინგულარულ-ინტეგრალურ განტოლებებს ეხება.

„ამ იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრის სადოქტორო თემა ეხება უმაღლეს მათემატიკაში ერთ-ერთ ურთულეს, სინგულარულ-ინტეგრალურ განტოლებებს. ქართულმა მათემატიკურმა სკოლამ სწორედ ამ მიმართულებით თქვა თავისი სიტყვა და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. რაც შეეხება თეიმურაზ საღინაძის კვლევით პროექტს - „ლაპლასის გარდაქმნის შებრუნებულის გამომთვლელი რიცხვითი მეთოდების პროგრამული დანერგვა“, მათემატიკოსებს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ერთი კონკრეტული ამოცანის ამოხსნის მიზნით. შეხვედრაზე საქართველოს წამყვანი ინსტიტუტების მათემატიკოსები იყვნენ მოწვეულნი. სწორედ ამ ამოცანის ერთი დეტალის ამოხსნა გართულდა. დოქტორანტ თემურ საღინაძეს ვთხოვე ჩართულიყო ამოცანის ამოხსნის პროცესში, რაზეც დაგვთანხმდა და გააკეთა კიდეც მოხსენება მეცნიერებათა აკადემიაში. აკადემიკოსი რამაზ ხუროძე გაოცებული დარჩა, იმდენად საინტერესოდ წარადგინა მან ეს რთული საკითხი. თეიმურაზი, სამეცნიერო-კვლევითი მოხსენებით, დღეს უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური კომისიის წინაშე წარსდგა და პირდაპირ ვიტყვი, მოლოდინს გადააჭარბა“, - განაცხადა პროფესორმა მურმან კუბლაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა დოქტორანტ თეიმურაზ საღინაძეს და მის ხელმძღვანელს, პროფესორ მურმან კუბლაშვილს, ასევე, ყველა იმ მეცნიერს, რომელმაც ახალგაზრდა მკვლევარს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში მხარდაჭერა აღმოუჩინა.

„ჩვენი, პედაგოგების ვალია, აღვზარდოთ ახალგაზრდები ისე, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ მათი ნიჭი, უნარები და ამით, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. თეიმურაზ საღინაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლის ტალანტს აუცილებლად უნდა მივცეთ დიდი ასპარეზი. მადლობა ვუხდით ჩვენი დოქტორანტის ხელმძღვანელსა და ყველა მეცნიერს, რომელიც ამ ახალგაზრდას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება. სასიხარულოა, რომ უკვე სახეზეა ამ რთული სამუშაოს შედეგი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა ჩაერთოს სამეცნიერო სფეროში, მითუმეტეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევრების განვითარებისთვის მრავალმხრივი შესაძლებლობა არსებობს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტს, თეიმურაზ საღინაძეს, ის აუცილებლად იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო აღიარებას მიაღწევს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო