ანჯეი დუდა -  პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა

ანჯეი დუდა -  პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა

პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებისას დადასტურდა, რომ უკრაინის მასიური დაბომბვის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

“გამოძიება გრძელდება, ადგილზე ყველა საგამოძიებო ქმედება უკვე დასრულდა, ახლა გრძელდება ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც ადრე ვამბობდი. ყველანი ექსპერტების დასკვნებს ველით და პროცესში არანაირად არ ვერევით”, - განაცხადა დუდამ.

მისივე თქმით, ორი რაკეტა აფეთქდა - ერთი პოლონეთში, მეორე კი უკრაინის ტერიტორიაზე. “ვიცი, რომ თავდაპირველად ინფორმაცია ორ რაკეტაზე იყო. საგამოძიებო ქმედებების შედეგად მეორე რაკეტის ნამსხვრევები პოლონეთის ტერიტორიაზე არ აღმოჩენილა. მეორე რაკეტა 100%-ით იყო, მაგრამ ის არა პოლონეთის, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა”, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან კვლავ აღნიშნა, რომ “ეს ტრაგიკული შემთხვევა იყო, რომელიც რუსეთის გამო მოხდა”.