გიორგი ბარამიძის განცხადებით, პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს რომელ პლატფორმას გამოიყენებენ კენჭისყრისთვის და პარტიის თავმჯდომარისთვის ხმის მიცემის პროცედურა ღია იქნება თუ ფარული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მთავარი საკითხები, რაც პოლიტიკურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ისაა, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებენ კენჭისყრისთვის და ასევე ხმის მიცემა ღია იქნება თუ ფარული.

როგორც საარჩევნო საკითხებზე პარტიაში მომუშავე ჯგუფის შეხვედრამდე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებისთვის წესების შემუშავება, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტი პოლიტსაბჭოს წარედგინება.

„პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი მეთოდით იქნება არჩევნები - „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით თუ „ფეისბუქით“, რომელიც 2020-ში გამოვიყენეთ, მაგრამ ის არ არის შექმნილი არჩევნებისთვის და ადამიანებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმაა, თუმცა მისი მორგებაც შესაძლებელია არჩევნებზე. ეს ორი ვარიანტია, რომელზეც პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს. ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩევლის ხმები დაფარული იყოს თუ ღია. ესეც პოლიტსაბჭოზე სამსჯელო საკითხია, რომელიც იმედი მაქვს, მომავალ კვირას შეიკრიბება. ასევე პოლიტსაბჭო ჩამოაყალიბებს საარჩევნო კომისიას, რომელიც წარმართავს ამ პროცესს. ეს სამუშაო ჯგუფი არის მხოლოდ წინადადებების მოსამზადებელი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს გარკვეული წესები და პოლიტსაბჭოს წარუდგინოს. იმედია ამ სამუშაოს დღეს დავასრულებთ.

„ბლოკჩეინი“ ბევრად უფრო დაცული სისტემაა, მაგრამ მეორე საკითხია - პოლიტსაბჭოს წევრები რამდენად ენდობიან ამერიკულ და გერმანულ კომპანიებს, რომელთაც ასე აქვთ ჩატარებულია არჩევნები. ასევე კიდევ ერთი საკითხია, რამდენად მარტივი იქნება იმ პლატფორმის გამოყენება ამომრჩევლისთვის, რაზეც გვექნება არჩევნები. ამ თვალსაზრისით „ფეისბუქი“ უფრო მარტივია. ორივეს გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო სიტყვა პოლიტსაბჭოს ეკუთვნის“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები - ღია თუ ფარული კენჭისყრის მეთოდით, ბარამიძე ამბობს, რომ ორივე ფორმა აპრობირებულია და ამაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

„ორივე მეთოდი აპრობირებულია, ბუნებრივია, კლასიკური არჩევნების შემთხვევაში ხმის მიცემა ფარულია. ფარულობის დაცვაზე ყოველთვის დიდი ამბავია, რადგან ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ მეორეა ის, რომ შიდაპარტიული არჩევნების დროს სხვა პრინციპი შეიძლება იყოს გამოყენებული. ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. ორივეს აქვს თავისი პლუსი და მინუსი“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულია ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი მუმლაძის კანდიდატურები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო