ყაზახეთში ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინაუგურაცია გაიმართა და საპარლამენტო არჩევნების თარიღი დაინიშნა

ყაზახეთში ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინაუგურაცია გაიმართა და საპარლამენტო არჩევნების თარიღი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ყაზახური სამსახური ავრცელებს.
ტოკაევმა ფიცი დამოუკიდებლობის სასახლეში დადო და საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, შვიდწლიანი ვადით დაინიშნა პრეზიდენტად. თავის გამოსვლაში ტოკაევმა აღნიშნა, რომ მის გუნდს მოუწევს გაწიოს “დიდი სამუშაო საზოგადოების ტრანსფორმაციისა და ყაზახეთის ნამდვილი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონდე განვითარებულ ქვეყნად გარდაქმნის მხრივ”.
მისი თქმით, ყაზახეთი გააგრძელებს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას და ურთიერთობებს განავითარებს პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან, აშშ-სა და ევროკავშირთან, ჩინეთთან.
ინაუგურაციის შემდეგ, ტოკაევმა რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანით მან 2023 წლის 14 იანვარს პარლამენტის ზედა პალატაში არჩევნები დანიშნა.
რადიო „თავისუფლების“ ყაზახური სამსახური აღნიშნავს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ასტანაში ათეულობით ადამიანი დააკავეს. გამოცემის თანახმად, დაკავებულები “მიტინგის გამართვას ცდილობდნენ”, მაგრამ მიტინგის შინაარსი არ სახელდება.

























