ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022

თენგიზ ფხალაძე - “საქართველო ერთ-ერთი პირველი გახდა რუსული ტერორიზმის მსხვერპლი”

რამდენად სწორია ჟურნალისტების დადანაშაულება ხაშურის ინციდენტში - “მედიაც უნდა შეეჩვიოს, რომ სხვისი მოსახვედრი ქვა ხშირად მას მოხვდება...”

გია ხუხაშვილი - “დღეს ჩვენი მთელი პოლიტელიტა არალეგიტიმურია”

ზამთარი, როგორც რუსეთის იარაღი - რა გეგმა აქვს პუტინს და როგორ აბალანსებენ კრემლში პრიგოჟინის მზარდ გავლენას

ზურა ბატიაშვილი - “ვითარება ძალიან ჰგავს პირველ მსოფლიო ომს: როგორც მაშინ, რუსეთს ახლაც მოუწევს კავკასიიდან გასვლა”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “საქართველო ერთ-ერთი პირველი გახდა რუსული ტერორიზმის მსხვერპლი”

“ევროკავშირში გაწევრების გაიოლებული პროცედურა არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი ნიშნავს თანაზიარ ვალდებულებებს, ანუ პროცესის მონაწილე მხარეებს თავიანთი ვალდებულებები აქვთ და იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამ რეზოლუციას კი უნდა შევხედოთ როგორც ევროკავშირის ურყევ სურვილსა და ნებას, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს ჩანს ამ დოკუმენტში. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, ევროკავშირს სურს მიიღოს საქართველო, მაგრამ ამისთვის საქართველომაც ბევრი რამ უნდა გააკეთოს. ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ თქვა ისიც, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე. ის არ არის იმ პოზიციაზე, რომ მხოლოდ რაღაცას ითხოვდეს ჩვენგან, არამედ მზად არის ამ პროცესში დაგვეხმაროს და გაგვიზიაროს გამოცდილება”, - აცხადებს ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო ერთ-ერთი პირველი გახდა რუსული ტერორიზმის მსხვერპლი”.

“გზავნილი არის სწორედ ეს, ასევე პასუხიც იმ სპეკულაციებსა და სრულიად უსაფუძვლო რიტორიკაზე, რომელზეც დგას ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ თურმე ევროკავშირმა საქართველო მოატყუა, რომ ჩვენზე უარს ამბობს, თურმე რაღაც გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს და ასე შემდეგ. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ ძალიან გარკვევით თქვა, რომ ევროკავშირი უნდა იყოს საქართველოსთან, ამისთვის კი მზად არის დაგვეხმაროს რეფორმების გატარებაში გამოცდილებითა და ინვესტიციებითაც კი, მაგრამ საქართველომაც უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ჩვენ რამდენიც უნდა ვიძახოთ, რეკომენდაციები შესრულებულიაო, ის შედეგი, რომელსაც ველით, თუ არ დადგა, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. შეასრულებს თუ არა ამ რეკომენდაციებს ხელისუფლება, ამის შეფასება რამდენიმე თვეში დაიწყება და მალევე დასრულდება კიდეც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შეფასება იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და გაუხსნის საქართველოს გზას კანდიდატის სტატუსისკენ. ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი - იქნება ეს შიდა სამუშაო, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ვიზიტები და ასე შემდეგ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კონკრეტული გარემოებების გამო გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და უნიკალური შანსი მიეცათ საქართველოსა და იმ ჯგუფს, რომელიც ქვეყნის სათავეშია, შეასრულოს უდიდესი მისია ქვეყნის ევროპულ გზაზე წარმატებისთვის. შესაძლოა უამრავი რამ გაეკეთებინა სხვა ხელისუფლებას ამისთვის, მაგრამ გარემო პირობები არ შექმნილიყო ისეთი, რაც ასეთ შესაძლებლობებს მისცემდა ქვეყანას. ასე რომ, დღეს არის ისტორიული შანსი, რომლის გამოუყენებლობა ღალატის ტოლფასი იქნება. ჩვენ რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა თავის დროზე ისე, როგორც საჭირო იყო, კანდიდატის სტატუსს ზაფხულში მივიღებდით. დასანანია, ბევრი რამ არ გაკეთდა და უამრავი შეცდომა დავუშვით, ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველაზე დრამატული იყო ხელისუფლების თავის მართლების რიტორიკა, როდესაც ისე ცდილობდა საქმის წარმოჩენას, თითქოს ყველაფერში მართალია, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ევროპელებმა ვერ დაინახეს. სინამდვილეში სულ სხვა ვითარება იყო - ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია. ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა გაისიგრძეგანონ დაკისრებული პასუხისმგებლობა, კრიტიკულად შეაფასონ განვლილი პერიოდი და ყველაფერი გააკეთონ რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს ხომ ახალი ამბავი არ არის, პირველად ხომ არ გავიგეთ, რომ პრობლემებია, მაგალითად, მართლმსაჯულებაში? ხელისუფლებამ სწორედ ეს პრობლემები უნდა გამოკვეთოს და რეალურად სცადოს მათი გამოსწორება, თან რაც შეიძლება სწრაფად. უნდა გავითავისოთ, რომ ამას ვაკეთებთ არა ევროკავშირისთვის, არამედ იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი ქვეყანა, რომ ამას ვაკეთებთ ჩვენთვის”, - განმარტავს ექსპერტი.

“ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ და ვერც იმ სამართლებრივ გარჩევაში ჩავერთვები, უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა სააკაშვილი თუ არა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მასთან არსებული უამრავი პრეტენზიისა, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის, რასაც ვუყურებთ, არანაირად არ ამშვენებს საქართველოს. მეტიც, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საქართველოში მართლმსაჯულების, შერჩევითი სამართლისა და ბევრი სხვა საკითხის შესახებ“მოკლედ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც საქართველომ ღირსეულად უნდა უპასუხოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არა აქვს უფლება აღძრას საქმე ყოფილ პრეზიდენტზე თუ სხვა თანამდებობის პირზე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სწორად გაკეთება. საფრანგეთში ექსპრეზიდენტ სარკოზის საქმეზეც იყო სასამართლო პროცესი, მაგრამ არ ყოფილა ასეთი დრამატული, როგორიც სააკაშვილის. კიდევ ვამბობ - არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა საქმის წარმოება შეიძლება ისე, რომ ქვეყნის ავტორიტეტი და ღირსება არ შეილახოს. არ შეიძლება საქართველო ამდენი წლის მერეც წარმოადგენდეს სახელმწიფოს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ვერაფერი ისწავლა”, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.

“ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს დაწყებული პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობით, მისი გაგდებითა და ტრაგიკული აღსასრულით, მეორე პრეზიდენტის, ფაქტობრივად, შინაპატიმრობით და ახლა მესამე პრეზიდენტის ამგვარი პატიმრობით დამთავრებული. მე-4 პრეზიდენტთან დაკავშირებულ ბატალიებზე აღარ ვილაპარაკებთ, აგერ მოქმედი პრეზიდენტის მიმართაც არანაკლებ არასწორ დამოკიდებულებას ვხედავთ - ხელისუფლების სხვადასხვა შტო ხშირად ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს და თითქმის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ეს არ წარმოაჩენს საქართველოს როგორც ინსტიტუციების გაძლიერებისა და დემოკრატიის გზაზე მყოფ ქვეყანას. ვიმეორებ, კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ პროცესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ წარმოშობს დამატებით კითხვებს და არ დააზარალებს ქვეყანას. ის, რაც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა, რაც სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ევროპარლამენტმა რუსეთი ”ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ” გამოაცხადა...” - პასუხობს:

“ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება უმძიმესი ვერდიქტი ქვეყნისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ძალიან ბევრი რამ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთისთვის საერთაშორისო არენაზე. რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება აქამდე? იმიტომ, რომ რუსეთს აძლევდნენ შესაძლებლობას გონზე მოსულიყო, რაც არ მოხდა. ეს ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის და გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა ტიპის პასუხისმგებლობებს. ძნელად წარმოსადგენია, ტერორიზმის სპონსორად აღიარებული ქვეყანა როგორი უნდა იყოს, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ან ჰქონდეს ის სტატუსი, რაც რუსეთს აქვს ეუთოში”.

|”მხოლოდ ევროპარლამენტისა და ნატოს რეზოლუციები არ კმარა, რუსეთისთვის საბოლოოდ ვერდიქტის გამოსატანად სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მსგავსი დოკუმენტები და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე როგორც ტერორიზმის სპონსორზე, საქართველო თუ არა პირველი, ერთ-ერთი პირველი მაინც არის, ვინც ამის მსხვერპლი გახდა. რუსეთის რეჟიმი კვლავაც აწყობს ტერორისტულ აქტებს საქართველოში, უკანონო მოქმედებებს. ის, რაც ხდება უკრაინაში და სხვაგან, ერთი ჯაჭვია, ამიტომ არანაირი ლოგიკური არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ არ შევუერთდეთ, არ არსებობს. იმაზე, რის დამტკიცებასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, როგორც იქნა, დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ლაპარაკობს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს, რათა რუსეთი არ გაღიზიანდეს, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. საქმე ისაა, რომ რუსეთს ძალიან აღიზიანებს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, და იმისთვის, რომ არ გაღიზიანდეს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. რუსეთს რაც მეტს დავუთმობთ, მით მეტს მოითხოვს”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

რამდენად სწორია ჟურნალისტების დადანაშაულება ხაშურის ინციდენტში - “მედიაც უნდა შეეჩვიოს, რომ სხვისი მოსახვედრი ქვა ხშირად მას მოხვდება...”

“საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის მონასტერში მომხდარ ტრაგედიაში მედიასაშუალებები დაადანაშაულა. მისი თქმით, “გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების, “თეოლოგის” თუ “ექსპერტის” მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”. აღნიშნულს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის “უკიდურესად საშიში და არასწორია”. ანალიტიკოსთა შეფასებითაც, მედია მხოლოდ გამტარია და თუ ცენზურა დაუწესდა, მაშინ ეს საბჭოთა პერიოდში დაბრუნებას ნიშნავს, რაც მათი აზრით სწორი არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად სწორია ჟურნალისტების დადანაშაულება ხაშურის ინციდენტში - “მედიაც უნდა შეეჩვიოს, რომ სხვისი მოსახვედრი ქვა ხშირად მას მოხვდება”

“ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა. “გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (“მთავარი არხი”, “ტვ პირველი”, ”ფორმულა”), “თეოლოგის” თუ “ექსპერტის” მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი წერს, რომ “ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს”... პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ განცხადებებზე პასუხისმგებლები კი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს. ხოლო თუ მედიას ცენზურა დაუწესდა, ეს მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაბრუნებას ნიშნავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამდენად ლოგიკურია ამა თუ იმ მოვლენაში მედია დაადანაშაულო, როცა ის მხოლოდ გამტარია?! თუნდაც ანტიეკლესიური განცხადებების გამოქვეყნება მედიის საქმეა, მაგრამ ამ განცხადებების გამკეთებელი ხომ სხვა არის?! ზოგადად ეს საკითხი დგას, თუ მედია რაზეა პასუხისმგებელი. თუ იმას გავიზიარებთ, რაც ითქმება, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნოს, არაფერზე არაა პასუხისმგებელი და გამოქვეყნებით ის თავის საქმეს აკეთებს. თუ არა და მაშინ ცენზურის და შერჩევის მექანიზმი უნდა ჩაიდოს, რა არის გამოსაქვეყნებელი და რა არა, ამით კი საბჭოთა პერიოდთან დავბრუნებით, რაც ალბათ გამართლებული არაა. მე მგონი, მედიაც უნდა შეეჩვიოს, რომ სხვისი მოსახვედრი ქვა ხშირად მას მოხვდება. ანუ ადამიანებს რეაქცია აქვთ იმაზე, ვინც ამბობს, მაგრამ ქვას ესვრიან ხოლმე მას, ვინც ნათქვამს აქვეყნებს, ტირაჟირებას უკეთებს, ანუ მედიას. მედიისგან იმის მოთხოვნა, რომ ტირაჟირება არ გააკეთოს, უკვე ნიშნავს იმას, რომ უნდა შეარჩიოს რისი ტირაჟირება გააკეთოს და რისი არა, ეს უკვე პოლიტიკური მედიაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“თუ მედიას პოლიტიკური ამოცანებისგან დავცლით და მას მხოლოდ მისივე ამოცანებს დავუტოვებთ, მაშინ ასეთი მოთხოვნა არ უნდა იყოს. რაც მოხდა რა თქმა უნდა ცუდია. საპატრიარქოს განცხადებაში ის მიმაჩნია სწორი, რომ ეს ნაწილობრივ იმის შედეგია, რა დამოკიდებულებაც საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ ყალიბდება. თუკი ეკლესიის მიმართ რიდი და პატივისცემა გაქრება ან შემცირდება, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები უფრო ხშირი იქნება. ოღონდ ამაში მედიაა დამნაშავე? თუ ისინი, ვინც საპატრიარქოს მიმართ კრიტიკულები არიან და თავისუფლად მსჯელობენ? ასეთი ადამიანები ბევრია და ძალიან ხშირად უნდათ, რომ პოლიტიკური ნიშა იპოვონ და ეკლესიის წინააღმდეგ ამიტომ მხედრდებიან”, - მიიჩნევს საყვარელიძე.

“ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს”, - დასძენს გამოცემა.

გია ხუხაშვილი - “დღეს ჩვენი მთელი პოლიტელიტა არალეგიტიმურია”

“კარგი რომ არაფერი ხდება, კვლევებშიც ჩანს და ისედაც ცხადია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც დღეს ამომრჩეველს აქვს. ამომრჩეველს არ მოსწონს არც წარსული, არც აწმყო და ეძებს მომავლის არჩევანს, ანუ სუფთა ფურცლიდან არჩევანს. ეძებს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება პრობლემები. კვლევები ხომ აჩვენებს საზოგადოების დღევანდელ პრობლემებს, სოციალურს, საპენსიოს და ასე შემდეგ... ანუ ამომრჩეველი ელის, ვინ შესთავაზებს პოზიტიურ დღის წესრიგს და კონკრეტულად ეტყვის, რას როგორ გააკეთებს, რომელ პრობლემას როგორ მოაგვარებს. რაც მთავარია, დაარწმუნებს, რომ ეს არ არის ტყუილი დაპირებები და რეალურად შეუძლიათ ამის გაკეთება”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ჩვენი მთელი პოლიტელიტა არალეგიტიმურია” / “ამათ ჰგონიათ, ჰალსტუხებს რომ გაიკეთებენ და ტელევიზიებში აზრებს დააფრქვევენ, ეს არის პოლიტიკა“.

“დღევანდელი ოპოზიცია კი ამ თემებით საერთოდ არ არის დაკავებული. ძირითადად, ტელეეკრანების მეშვეობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ხელისუფლებაა ცუდი. ხალხი ეუბნება, გავიგეთ, ბატონო, რომ ცუდია, მაგრამ იქნებ ისიც მითხრათ, თქვენ ვინა ხართ და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა შეიცვლებაო -_ ანუ ხალხი პირდაპირ კომუნიკაციას ელოდება, ამას კი სჭირდება რკინის ქალამნები და ხალხთან მისვლა. კვირაში ერთხელ ტელევიზიით გამოსვლა და მაშინაც მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა არ არის საკმარისი, რომ პოლიტიკაში წარმატებული იყო. ბიძინამ რაც მოახერხა, ოპოზიციის კომპრომეტირება და დისკრედიტირებაა. ბიძინა ამომრჩეველს სწორედ ამას ეუბნება - კი, მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ისინი საერთოდ ვინ არიანო. ოპოზიცია თავისი ქმედებებით სწორედ მის ამ ნათქვამს ადასტურებს და ხალხი ფიქრობს, არ მომწონს ეს ხელისუფლება, მაგრამ ამათით როგორ ჩავანაცვლოო. ხალხს არ უნდა მუდმივი ძიძგილაობა, მას მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი სჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რაც მთავარია, ხალხთან არ მიდიან. გინახავთ რომელიმე ოპოზიციური პარტია რეგიონში სისტემურად გასული? ამათ ჰგონიათ, ჰალსტუხებს რომ გაიკეთებენ და ტელევიზიებში აზრებს დააფრქვევენ, ეს არის პოლიტიკა. კი ბატონო, ასე გააგრძელონ და ვნახოთ, რას დაიჭერენ. ხალხს სურს ვინმე პირისპირ დაელაპარაკოს და დაარწმუნოს, რომ არ ატყუებს. ხალხს მონოლოგის მოსმენა კი არა, დიალოგი უნდა მათთან, რადგან შორიდან დაპირებები ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება. ოპოზიციას ზამთარში სცივა, ზაფხულში სცხელა. ცხელ შემოდგომას ხომ გვპირდებოდნენ, მაგრამ წვიმა წამოვიდა და წვიმაში ხომ არ წავიდოდნენ? ზაფხულში ხომ უნდა დაისვენონ, გაზაფხულზე კი სეტყვაა. ჩვენი პოლიტიკოსების მოსაწონი სეზონი ხალხთან დასალაპარაკებლად ბუნებაში არ არსებობს”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“მუშაობა ეზარებათ. დაკავებული არიან მხოლოდ იმით, რომ იძახონ, ბიძინა ცუდიაო. ჩვენს ოპოზიციას ჰგონია, თუ იტყვის, რომ ბიძინა ცუდია, ამით თვითონ კარგი გახდება, მაგრამ ასე არ არის. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კამპანიაში ნეგატიური წილი დაახლოებით 30%-ია. კი, ნეგატივი უნდა იყოს შენს მოწინააღმდეგეზე, მაგრამ 70% ამ ქვეყნებში პოზიტივია - ანუ შენ თვითონ ვინ ხარ, რა შეგიძლია, რომ მხოლოდ სურვილი კი არა, მისი შესრულების უნარიც გაქვს. ხალხს თანაგრძნობა სჭირდება, მაგრამ თვლიან, რომ ეს არ არის საჭირო. ოპოზიციამ კომფორტული ცხოვრება მოიწყო და სხვა ყველაფერი ფეხებზე კიდია”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “თუ ასე გაგრძელდა, არჩევნებზე რა შედეგები დადგება?” - პასუხობს:

“ხალხს არჩევანი არა აქვს. დღეს ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებიანადაც და ოპოზიციანადაც, არალეგიტიმურია. ყველა მოქმედი პარტიის, რომელსაც პულსი ესინჯება, ჯამური რეიტინგი არალეგიტიმურობის საფუძველია. ყველა ერთად რომ იყოს ხელისუფლებაში, მაინც არალეგიტიმური იქნებიან. ეს კვლევებშიც კარგად ჩანს _ 72% ითხოვს ახალ არჩევანს სუფთა ფურცლიდან, რადგან არც ერთი პარტია არ მოსწონს”.

ზამთარი, როგორც რუსეთის იარაღი - რა გეგმა აქვს პუტინს და როგორ აბალანსებენ კრემლში პრიგოჟინის მზარდ გავლენას

“რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ მოახლოებული ზამთარი უკრაინისთვის რაც შეიძლება გაუსაძლისი გახდეს. ამის პარალელურად, როგორც ჩანს, ეს ზამთარი რუსეთისთვისაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან კრემლში თავი იჩინა ისეთმა გარემოებებმა, რომელიც ნათელს ხდის რუსეთის ხელისუფლებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის სიმძაფრესა და მასშტაბებს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის პოლიტიკური გავლენა იზრდება და ამის დასაბალანსებლად კრემლში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ერთის მხრივ, აძლიერებენ მისივე მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს და უპირისპირებენ პრიგოჟინს და ასევე ქმნიან ახალ კერძო სამხედრო კომპანიას. ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის სკამსაც კი უმიზნებდეს და ეს თავად პუტინსაც ესმის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზამთარი, როგორც რუსეთის იარაღი - რა გეგმა აქვს პუტინს და როგორ აბალანსებენ კრემლში პრიგოჟინის მზარდ გავლენას.

“რაც შეეხება უკრაინის მოლოდინებს, უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, მომავალი კვირა რუსული საჰაერო თავდასხმების მხრივ რთული იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება, სამხედროები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამისთვის ემზადებიან და სხვადასხვა სცენარის მოლოდინში არიან. ნატოს გენდმივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინასთან დამარცხებაზე დიდი სისასტიკით რეაგირებს, პუტინი ცდილობს ზამთარი უკრაინის ომში იარაღად აქციოს, თუმცა დასძენს, რომ მას ეს არ გამოუვა და რუსულ ჯარს ეს პერიოდი ვერ დაეხმარება. სტოლტენბერგმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ალიანსი დარწმუნებულია, რომ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოების რუსული რაკეტებისგან დაიცავს. ამასთან, ნატის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პარტნიორმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. ექსპერტთა აზრით, ზამთრის წინა პერიოდში უკრაინაში რუსული ჯარები იძულებული გახდნენ შეტევების ინტენსივობა შეემცირებინათ, თუმცა თავად საომარი მოქმედებები კვლავ აქტიური იქნება. ამის პარალელურად კი უკრაინის შეიარაღებული ძალებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ახალი ტერიტორიები გაათავისუფლონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამერიკული ორგანიზაციის “ომის შესწავლის ინსტიტუტის” ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გაყინული რელიეფით ისარგებლონ. მათი აზრით, ზამთარში ყინვისას უფრო ადვილად გადაადგილებიან, ვიდრე შემოდგომაზე ტალახსა და წვიმაში. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკრაინული ენერგოსისტემის განადგურება 10 ოქტომბერს დაიწყო. ყველაზე ძლიერი დარტყმები 15 და 23 ნოემბერს განახორციელა, შედეგად ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩააბნელა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მსგავსი სიძლიერის იერიშები კვლავ განმეორდება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ეს ზამთარი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუმცა არც დასავლეთი და არც უკრაინა უკან არ დაიხევს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთ-უკრაინის ომში ეს ზამთარი შეიძლება საკმაოდ სერიოზული მომენტი აღმოჩნდეს. ამ პერიოდში შეიძლება სახმელეთო შემტევით ოპერაციები დროებით დააკონსერვონ და საჰაერო გააძლიერონ. ამის პარალელურად მხარეები გაზაფხულისთვის ემზადებიან. მაგრამ აქვე არსანიშნავია, რომ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების სიზუსტე მცირდება, რადგან ნისლი, თოვლი და წვიმები ხელს უშლის. რუსეთმა ზამთარში ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა გააკეთოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ პუტინის ჩანაფიქრი ისაა, რომ მოსახლეობა ფაქტიურად გაყინოს და მათი პოლიტიკური ნება გადატეხოს. უკრაინა ბოლომდე ბრძოლას აპირებს. დასავლეთიც აპირებს, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგეს. მაგრამ ერთი ისაა, რომ ასეთ მომენტში პუტინი ყველაფერზე წავა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსეთში “ვაგნერის” ხელმძღვანელის და ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის პოლიტიკური გავლენა იზრდება და ამის დასაბალანსებლად კრემლში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ - აძლიერებენ მისივე მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს და უპირისპირებენ პრიგოჟინს და ასევე ქმნიან ახალ კერძო სამხედრო კომპანიას. ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კადიროვის პრიგოჟინთან მეტოქეობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ახალი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნა კრემლის მომხრე ბიზნესმენს არმენ სარქისიანს დაევალა, რომელიც უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთანაა კავშირში. აღნიშნულია, რომ სარქისიანმა ახალი სამხედრო დაჯგუფება პატიმართა რეკრუტირების საფუძველზე ჩამოაყალიბა, სპონსორი კი სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, კომპანია “ტაშირის” მფლობელი და “გაზპრომის” ქვეკონტრაქტორი სამველ კარაპეტიანია”, - დასძენს გამოცემა.

“თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რეგულარულად უჭერს მხარს ჩეჩნეთის ბაზაზე პარალელური სამხედრო სტრუქტურების შექმნას. რისთვისაც ცოტა ხნის წინ პუტინს შეხვდა. “რუსეთის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ კადიროვის პარალელურ სამხედრო სტრუქტურებს და სარქისიანის მცდელობებს შექმნას კერძო სამხედრო კომპანია პრიგოჟინის გავლენების ზრდის წინააღმდეგ, რომელიც თავის სტრუქტურებს რუსეთის პოლიტიკაში ცენტრალურ ფიგურად ჩამოყალიბებისთვის იყენებს”, - აცხადებენ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსები. როგორც ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, კრემლში პრიგოჟინის გავლენები იზრდება და არაა გამორიცხული, რომ მას პრეტენზიები თავად რუსეთის პრეზიდენტთანაც გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ პუტინი მის საპირწონედ სხვა სამხედრო დაჯგუფებებს აყალიბებდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“კადიროვს და პრიგოჟინს შორის ჯერ არავითარი დაპირისპირება არ ჩანს. რაც შეეხება სამხედრო კერძო კომპანიების ჩამოყალიბებას, რუსეთში ეს ისედაც ყალიბდება და “ვაგნერის” გარდა კიდევ ხუთი კომპანიაა. მაგალითად, დონეცკის ოლქში “სპარტაკი” მოქმედებს, რომელსაც “ვაგნერზე” ანარაკლები შეიარაღება და პოტენციალი აქვს. ასევე არსებობს დაჯგუფებები “დინამო”, “ბარსი”, “პატრიოტი”. ეს დაჯგუფებები იმ ოლიგარქებისაა, რომელსაც კრემლში გავლენები აქვთ. პრიგოჟინის და ზოგადად სპეცსამსახურების გავლენები კრემლში იზრდება, რომლებიც ძალოვნების დაჯგუფებას უპირისპირდებიან. მანამდე პუტინმა ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომ “ვაგნერს” უკვე მძიმე შეიარაღებაც გადასცეს. იგულისხმება საბრძოლო ავიაციის ელემენტები. ასევე კერძო კომპანიის მებრძოლებს სამხედრო ვეტერანების სტატუსი მიენიჭათ”, - ამტკიცებს ვახტანგ მაისაია.

“გარედან არაფერი შეიმჩნევა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პრიგოჟინის საპირწონედ პუტინს სხვა ოლიგარქებთანაც ჰქონდეს მოლაპარაკება, რომ სამხედრო დაჯგუფებები შექმნან და გააძლიერონ. კადიროვი, პრიგოჟინი და ზოლოტოვი ჯერჯერობით ერთ გუნდში არიან და მათ ერთმანეთი სჭირდებათ, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული. პრიგოჟინის არმია უკვე 50 ათას ადამიანს მოიცავს, მას უკვე მძიმე ტექნიკა და საბრძოლო ავიაცია “სუ-25”-ები ჰყავს. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ თავად პუტინთან მიმართებაშიც ამბიციები გაუჩნდეს. შესაძლოა ეს პუტინმაც იცოდეს და სხვა ფრთას აძლიერებდეს, მაგრამ ჯერჯერობით პრიგოჟინის კლანს იყენებს. პუტინმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს რუსეთის შიარაღებული ძალების შემადგენლობაში იმსახურონ. როგორც ჩანს, ისინი ავღანელებსაც მიიწვევენ და შესაძლოა თალიბანის მებრძოლებიც გამოჩნდნენ, ბაშარ ალ ასადის სირიელი მებრძოლების გადასროლაც მიდის და ა.შ.”, - დასძენს მაისაია.

ზურა ბატიაშვილი - “ვითარება ძალიან ჰგავს პირველ მსოფლიო ომს: როგორც მაშინ, რუსეთს ახლაც მოუწევს კავკასიიდან გასვლა”

“ფაშინიანმა უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია” მკვდრადშობილია. თავის დროზე, როდესაც შეიქმნა, რუსეთს მისი გამოყენება ნატოს საპირწონედ სურდა. თუმცა რეალურად არასოდეს უმოქმედია და ეს კარგად გამოჩნდა როგორც ყარაბაღის მეორე ომში, ასევე, ამ შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკებებისას და რამდენიმე თვის წინ ამ ორგანიზაციის წევრი ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების კონფლიქტისას. ამიტომ ეს შეხვედრაც და შეთანხმებაზე ხელის მოწერაზეც სომხეთის უარი იმას მიანიშნებს, რომ ეს ორგანიზაცია ნელ-ნელა კვდება, მას არავითარი პერსპექტივა არა აქვს, მით უმეტეს, რომ მისი ლიდერი ქვეყანა, რუსეთი, მარცხდება”, - აცხადებს “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურა ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს ვითარება ძალიან ჰგავს პირველ მსოფლიო ომს - როგორც მაშინ, რუსეთს ახლაც მოუწევს კავკასიიდან გასვლა”.

“2022 წლის აგვისტოში ე.წ. სამშვიდობო ძალები იძულებული გახდნენ აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ კონტროლი ლაჩინის კორიდორზე, რომელიც ყარაბაღს და სომხეთს აკავშირებს და ესეც მიანიშნებს, რომ რუსეთის გავლენა სუსტდება, მათ შორის კავკასიაშიც. ახლანდელი ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა წასულიყო სამხრეთ კავკასიიდან. კრემლს კი ძალიან სურს ეს მეორე მსოფლიო ომის სცენარად წარმოაჩინოს, მაგრამ ასე არ არის და სწორედ პირველ მსოფლიო ომს ჰგავს, როდესაც რევოლუცია მოხდა. ახლაც აქეთკენ მიდის საქმე - რუსეთის დამარცხებას მოჰყვება დიდი უკმაყოფილება და შედეგად, არა მარტო პუტინის რეჟიმის შეცვლა, არამედ უფრო მწვავე მოვლენებიც. რუსეთმა კავკასიაში სამხედრო ძალის გამოყენება რომ სცადოს, თეორიული შანსი არის, მაგრამ პრაქტიკული შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რადგან უკრაინაში თითოეული ჯარისკაცი სჭირდება, მობილიზაციის უკვე მეორე ტალღას ამზადებს, კიდევ ახალი ფრონტის გახსნის თავი არა აქვს. მოიფიქრებს თუ არა რამეს უკრაინაში დამარცხების შემდეგ თავის მოსახლეობასთან პირის მოსაწმენდად, ახლა ამაზე ლაპარაკი ძნელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პროტესტის მიუხედავად, სომხეთში რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერად არის ფეხმოკიდებული, მაგრამ ის კრახი, რაც რუსეთს უკრაინაში ელოდება, რა თქმა უნდა, პოზიციას შეურყევს. პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც და რაც დრო გავა, რუსეთის გავლენა აუცილებლად შესუსტდება: სომხეთი აქტიურად ელაპარაკება როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს. თურქეთის როლი გასაგებია, რადგან ამ რეგიონში ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა და თუ ვინმეს სურს დასავლეთისკენ გეზის აღება, მას ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თურქეთთან. ახლა მთავარი ის არის, სომხეთი და აზერბაიჯანი მოაწერენ ხელს თუ არა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს, აზერბაიჯანი ითხოვს გზას ნახჭევანისკენ, რომელიც სომხეთისთვის პრობლემატურია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა შეთანხმებას. ითქვა, რომ ევროპაში ალიევისა და ფაშინიანის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ფაშინიანმა შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტის დასწრება მოითხოვა, რაზეც ალიევმა უარი განაცხადა...” - დასძენს ზურა ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “ამ პროცესებში თურქეთიც უთუოდ დიდ როლს თამაშობს?” - პასუხობს:

“თურქეთი აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ორივე მოქმედებს პრინციპით: “ერთი ერი - ორი სახელმწიფო”. შესაბამისად, პოლიტიკის დამგეგმავებმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინონ”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა