პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - თქვენი პოლიტიკური დაისი დაწყებულია და მე არ მინდა, ვიღაც ისე მოგექცეთ, როგორც თქვენ ექცევით სააკაშვილს - რა პოლიტიკური სტანდარტია, რომ „პოპკორნი” უნდა ვიყიდოთ და ვუყუროთ?

თქვენი პოლიტიკური დაისი დაწყებულია და მე არ მინდა, ვიღაც ისე მოგექცეთ, როგორც თქვენ ექცევით სააკაშვილს, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და შესაძლოა, ნებისმიერი დღე მისთვის ფატალური იყოს.

„ძალიან მძიმე საკითხია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი და ეს სცდება ყველანაირ პოლიტიკას. ეს არის მორალისა და ზნეობის საკითხი. დაისვა კითხვა - აქვს თუ არა ადამიანს სიცოცხლის უფლება და რა თქმა უნდა, აქვს. მე გუშინ შევხვდი ოჯახის წევრებს, შევხვდი ექიმს, რომელიც ამბობს, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, საგანგაშოც და იმდენად მძიმეა, რომ მიუხედავად სასამართლოზე მოსვლის სურვილისა, ექიმებმა მას არ დართეს მოსვლის უფლება. ეს არის ფაქტი! საერთოდ არ მინდა ეს პოლიტიკური დაძაბულობის და დივიდენდის საკითხი იყოს, მაგრამ რა პოლიტიკური სტანდარტია, რომ "პოპკორნი" უნდა ვიყიდოთ და ვუყუროთ? რა არის საყურებელი? მართალია, თქვენ არ მონაწილეობთ ამ საკითხში, შეიძლება ინფორმაციაც არ გაქვთ, მაგრამ ამაზე ხმის ამოუღებლობა და თვალის დახუჭვა ხომ ჩუმი თანხმობაა?! რას შვებით, თქვენთვის რისკების შემცველ პოლიტიკურ ოპონენტს ანეიტრალებთ, თუ რა ხდება?

ექიმთან საუბრის დროს გამოითქვა ვარაუდი, რომ შეიძლება დარიშხანიც იყოს აღმოჩენილი მის სისხლში. მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. მართლა მაინტერესებს ადამიანურად, რა ხდება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით? რასაც არ უნდა ედავებოდეთ, არ შემოვდივარ დისკუსიაში - გააკეთა თუ არ გააკეთა, ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა - სიცოცხლის უფლება ხომ აქვს ადამიანს? გამოვიდეს ახლა „ქართული ოცნებიდან“ წარმომადგენელი და გვითხრას, რომ რასაც ვლაპარაკობთ არ არსებობს, სპეკულაციაა, მოვიგონეთ... როგორ შეიძლება ადამიანი გადაიყვანოთ კლინიკაში და ყოველდღე უარესდებოდეს მდგომარეობა?! როგორც მეუბნებიან, იმ ზომამდეა უკვე მისული, რომ ნებისმიერი დღე შეიძლება მისთვის ფატალური იყოს. რას ვაკეთებთ აქ? რა სხდომას ვატარებთ? მართლა მაინტერესებს, ასე შევალთ ევროპაში? ეს არის ევროპული სტანდარტი? -არ არის ეს სტანდარტი! როცა მომდევნო ხელისუფალი ანადგურებს წინა ხელისუფლებას, ეს არ არის ევროპული სტანდარტი, ეს არ სჭირდება საქართველოს. მესმის, რომ ილაპარაკებთ 7 ნოემბერზე, მაგრამ ახლა არ არის ამის გარჩევის დრო, ამას სასამართლო გაარჩევს ახლა არის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის დრო. არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა, მგონი, ეს თქვენთვისაც არ არის მისაღები. თქვენი პოლიტიკური დაისი დაწყებულია და მე არ მინდა ვიღაც ისე მოგექცეთ, როგორც თქვენ ექცევით სააკაშვილს“, - მიმართა მანჯგალაძემ უმრავლესობის წევრებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)