ფრონტზე რთული მდგომარეობაა. რუსეთის უკიდურესად დიდი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ ცდილობენ დონეცკის ოლქში წინსვლას, ლუგანსკის ოლქში გამაგრებას, ხარკოვის ოლქში გადაადგილებას, ისინი რაღაცას გეგმავენ სამხრეთში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგე ყოველდღე ასობით მობილიზებულ და დაქირავებულ ჯარისკაცს კარგავს.
"ვინარჩუნებთ თავდაცვას და რაც მთავარია, მტერს არ ვაძლევთ ნებას, შეასრულოს თავისი განზრახვა. მათ თქვეს, რომ დონეცკის ოლქს გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე დაიკავებდნენ... ზამთარი უკვე ამ კვირაში იწყება. ყოველდღიურად კარგავენ ასობით მობილიზებულ და დაქირავებულ ჯარისკაცს.
წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ დაქირავებულს და მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველამ, ვინც ამ კრიმინალურ ომში დამნაშავეა, პასუხი აგოს”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ დამნაშავეებმა აგრესიაზე პასუხი აგონ, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეიქმნას ასეთი ტრიბუნალი. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მსოფლიო უმრავლესობა სპეციალურ ტრიბუნალთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მხარდასაჭერად. უნდა განვავითაროთ აუცილებელი სამართლებრივი არქიტექტურა, რათა ტრიბუნალმა იმუშაოს. ჩვენ სრულად უნდა განვახორციელოთ ჩვენი მშვიდობის ფორმულის ეს პუნქტი და მართლაც უზრუნველვყოთ სამართლიანობა ამ ომის შემდეგ, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.