UNFPA-ს და სახალხო დამცველის კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, კვლევის „ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ პრეზენტაცია გაიმართა.

გაეროს მოსახლეობს ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს.

“კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, უნიკალურ ინფორმაციას გვაძლევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მონიტორინგის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მულტისექტორული მიდგომა და ეფექტიანი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას, რათა შევძლოთ ამ საზიანო პრაქტიკის მაქსიმალური პრევენცია და დაცული იყოს თითოეული მოზარდის უფლება - მიიღოს განათლება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

ის პროფესიონალები, რომლებიც ,,ფრონტის წინა ხაზზე” არიან და ამ პრობლემას უშუალოდ ეხებიან, როგორიც არის განათლების სისტემაში - მასწავლებლები, მანდატურები, ფსიქოლოგები, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესში ჩართულები არიან, მათ არ აქვთ ზუსტი ცოდნა და ინფორმაცია, რა უნდა გააკეთონ, როცა ასეთ შემთხვევას წააწყდებიან. პირველი და ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის კოორდინირებული მოქმედება. პედაგოგებისთვის, პოლიციისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და ეს რეკომენდაციები გაცემულია. იმედია, რომ ეს რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების მხრიდან გათვალისწინებული იქნება”,-განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

ამასთან, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია აიკრძალა, ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთან არარეგისტრირებული ქორწინების ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას, რაც ხშირად დანაშაულებრივი გზით ხდება.

,,მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აიკრძალა 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითად იმოქმედა ამგვარი შემთხვევების შემცირებაზე, ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთან არარეგისტრირებული ქორწინების ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას, რაც ხშირად დანაშაულებრივი გზით ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია, როგორც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებში, ასევე ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ამგვარი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, კვლევაში გაანალიზებულია სისხლის სამართლის 74 საქმე, რომელიც ჩადენილია და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა 2020 და 2021 წლებში. მასში შესულია ისეთი საქმეებიც, სადაც სამართალწარმოება დასრულებულია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოში, ან შეწყდა გამოძიება. ასევე წარმოდგენილია ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე მომზადებული თვისებრივი კვლევის შედეგები.

კვლევა მოამზადა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)