გიორგი სააკაშვილი - მიშა „ვივამედში“ თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია - „ქართული ოცნების“ წევრები რომ შევიდნენ და ნახონ, დარწმუნდებიან, რა მძიმე მდგომარეობაშია

მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, ერთადერთი ხსნა არის სასჯელის გადავადება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით ათი დღის წინ ნახა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ, საკმარისი არ არის.

„გავიხსენოთ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი, არ არის პრობლემა, ჩამოვიყვანოთ ექიმები, ადგილზეც მოხდეს მისი მკურნალობა...მაშინ, რატომ დადიან თვითონ საზღვარგარეთ, თუ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ე.ი. იქ უკეთესი პირობებია, იქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასება მოხდება. [უცხოელი ექიმის ჩამოყვანა] არ იქნება საკმარისი, ვინაიდან, მაშინ მთლიანად უნდა გამოიცვალოს კლინიკა, უცებ რომ დასჭირდეთ დამატებითი კვლევები, აპარატურა, დროში გაწელილი პროცესია. ყოველდღიური მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ვხედავთ, რომ დღითიდღე მისი მდგომარეობა მძიმდება. უკვე დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს [მეტყვის]. დღეს მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ნამდვილად ფატალური შედეგით დასრულდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი სააკაშვილის თქმით, დღეს „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო, რომ „ადამიანი იღუპება და გვეცლება ხელიდან“.

„როცა კლინიკა „ვივამედში“ მიშა სააკაშვილის გადაყვანა მოხდა, თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. ძირითადად წევს, ან ზის, როცა მისი ნახვა მიხდება, რაც ძალიან რთული საყურებელია“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა და დასძინა: „სირცხვილია, რა დონემდე მივედით ქვეყანა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს 21-ე საუკუნეში ვკლავთ“.

მიხეილ სააკაშვილის ძმა იმედოვნებს, რომ სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ძალიან რთული მოსასმენია, უკვე 79 კილოგრამამდე არის დასული, 118 კილოგრამი იყო, როცა ჩამოვიდა. ამას ხომ აქვს მიზეზები, ეს არ არის ის, რომ მმართველი პარტია ამბობს, ოთხ კედელში არ შეუძლია ყოფნაო, ვერ დავეთანხმები ნამდვილად. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოში შუამდგომლობა მოხდეს და მიიღონ გადაწყვეტილება. მე მაინც მჯერა სასამართლოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებების, ვინაიდან, საუბარია პირველ რიგში, საქართველოს შვილზე, ამავდროულად საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მშენებლობაში“, - აცხადებს ის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, როგორც სააკაშვილის ძმა აცხადებს, მათ რომ მიხეილ სააკაშვილი ნახონ, დარწმუნებიან, რომ მძიმე მდგომარეობაშია.

„ადგილზე რომ ნახონ მიშას მდგომარეობა, რომელიც დარწმუნებული ვარ არ უნახავთ, (შეიძლება, კადრებს უყურებენ) თუნდაც რომ შევიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაშია, დარწმუნდებიან, რა მძიმე მდგომარეობაშია“, - დასძინა მან.

გარდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა ექსპრეზიდენტის ძმამ ისაუბრა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე და უპასუხა კითხვას, ხომ არ იყო შეცდომა მისი ჩამოსვლა.

გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ „ყველაფერს ისტორია განსჯის“.

„ეს უკვე წარსულია. ჩამოვიდა, მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია, რასაც ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დადიოდა თითოეულ ქალაქში, დღე და ღამე მუშაობდა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე უფრო შთამბეჭდავად წარმოჩენილიყო, დღეს იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და რაზე ვსაუბრობთ, გადარჩება, თუ არ გადარჩება. ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილეები, რომ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა