ტრენინგზე ძალადობის ცნება და სუბიექტები, ძალადობის რისკ-ფაქტორები და მახასიათებლები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყურადღება ძალადობის სახეების იდენტიფიცირებასა და ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე გაამახვილეს.
„ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის როლს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ კონვენციიდან გამომდინარე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
ტრენინგის მიზანი სამინისტროს თანამშრომელთათვის ოჯახში ძალადობის პრობლემატიკის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტარდება. კამპანია გვახსენებს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელზეც თანამედროვე, საერთაშორისო საზოგადოებაა დაფუძნებული და აღნიშნული პრობლემა საერთო ძალისხმევით უნდა გადაიჭრას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.