ჰელგა მარია შმიდტი - ომი, რომელიც რუსეთმა მეზობელი ქვეყნის და ეუთო-ს წევრი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, არყევს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ნდობას

წელს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად. ეს არ არის ამ ორგანიზაციის ღალატი, ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდტმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი არყევს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ნდობას.
„ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მეზობელი ქვეყნის და ეუთო-ს წევრი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო, არყევს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ნდობას. ომს გამანადგურებელი შედეგი მოაქვს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მისი მეზობლებისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ამ ომმა კატასტროფული შედეგი იქონია ამ ორგანიზაციაზე და იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე, რომელსაც ვასრულებთ. ეს გარდაუვალი არ ყოფილა. უნდა შეგახსენოთ, რომ ეუთო არასდროს ყოფილა თანამოაზრეთა ორგანიზაცია, ეუთო დაიბადა ცივ ომში, არა ამ ომის დასასრულს, არამედ ომის დროს.
ეუთო-მ ერთად შეკრიბა არა მოკავშირეები, არამედ კონკურენტები, რათა მოეხდინა კონფლიქტების მართვა, შეემცირებინა დაძაბულობა და გაეუმჯობესებინა ნდობა, გამოეძებნა ნიადაგი თანამშრომლობისთვის. სწორედ ესაა ჩვენი საქმე, ეს არის ჩვენი სამუშაო, რომელსაც თითქმის 50 წელი ვაკეთებდით არა სრულყოფილად, მაგრამ ნაყოფიერად. თუმცა წელს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად“, – განაცხადა ჰელგა შმიდტმა.
ცნობისათვის, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 29-ე შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ლოძში დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

























