ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა

ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე. ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტ მოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022 - ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, GITI 2022 - ი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, წელს ის მეთორმეტედ, ორწლიანი პაუზის შემდეგ იმართება. ფორუმის მიმდინარეობისას ასევე დაგეგმილია კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორია სრულად არ არის დაფარული ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტ ქსელებით, არ არის დანერგილი მობილური 5G ქსელები, უთანასწორობა არსებობს მოსახლეობის და ბიზნესების მიერ ციფრული სერვისების გამოყენებაშიც.

„საქართველოს ციფრულ ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებზე მუშაობს. მისი თქმით, საქართველოში ციფრული ეკონომიკის მიზნით გატარებული ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტებთან. ვიცე-პრემიერმა დაასახელა ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ქსელების მშენებლობა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვაზე, კონკურენციის გაზრდაზე და მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაზე. ასევე ვაგრძელებთ მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს, აგრეთვე მიმდინარეობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან საქართველოს ციფრული ბაზრის ინტეგრაციის ღონისძიებები, საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბებაზე მუშაობა და სხვ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის პრიორიტეტებში საქართველომ რამდენიმე ფლაგმან პროექტს შორის ციფრული კავშირების განვითარების პრიორიტეტული გეგმები წარადგინა - საუბარია შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ციფრულ ჰაბად.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ჰაბის განვითარება, ერთი მხრივ, გულისხმობს საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, საქართველოში მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირება. მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტროში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტების ანალიზით მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის გლობალური ინტერნეტ-კავშირის ბაზარი, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს, შავი ზღვის ფსკერზე გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს საერთაშორისო ინტერნეტ - კავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის ორგანიზატორებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და ICT ბიზნეს საბჭო საქართველოში. ღონისძიების სპონსორია „თიბისი ბანკი“.

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო