სპეციალური საგამოძიებო სამსახური კანონპროექტზე, რომლითაც  სამსახურის  საგამოძიებო ქვემდებარეობა გაიზარდა, ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე, რომლითაც სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გაიზარდა, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამსახური განმარტავს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში აქტიურად მონაწილეობდა და სამსახურის გაძლიერების და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობდა.

ამ მიზნით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წინადადებებით 2022 წლის 30 სექტემბერს მიმართა.

„მიღებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გაიზარდა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს დაუქვემდებაროს.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369¹-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსაზრება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულების ხელახლა განსაზღვრის თაობაზე და განხორციელებული ცვლილებების თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს (სსკ-ის 162-163 და 1644 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები) სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ იგი ჩადენილი იქნება სამართალდამცავის მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიენიჭა უფლებამოსილება, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით, მოითხოვოს შესაბამის კომიტეტში მოსმენის ჩანიშვნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემდგომი გაძლიერებისა და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო