დიმიტრი პესკოვი - აშშ არ ცნობს რუსეთის ახალ ტერიტორიებს, რაც ართულებს მოლაპარაკებებისთვის საერთო ენის გამონახვას

დიმიტრი პესკოვი - აშშ არ ცნობს რუსეთის ახალ ტერიტორიებს, რაც ართულებს მოლაპარაკებებისთვის საერთო ენის გამონახვას

შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ ცნობს რუსეთის ახალ ტერიტორიებს და ეს ვითარება ართულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებისთვის საერთო ენის გამონახვას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას. აი, რა თქვა მან“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „კრემლი ამისთვის მზად არ არის და „სპეცოპერაცია“, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“.

მისი მტკიცებით, რუსეთის მიზნების მისაღწევად პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის.

"ჩვენი მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების მისაღწევად ყველაზე სასურველი გზა მშვიდობიანი დიპლომატიური გზებია“, - აღნიშნა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.