გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - დროა, ვიზრუნოთ იმ ღრმა უფსკრულის ამოვსებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრ ადამიანს განვითარების პროცესებს მიღმა ტოვებს

დროა, ვიზრუნოთ უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული იმ ღრმა უფსკრულის ამოვსებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრ ადამიანს განვითარების პროცესებს მიღმა ტოვებს, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს.

როგორც კანემი აღნიშნავს, უნდა შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველა ადამიანს შეეძლება ცხოვრება, გარემო, სადაც არ არსებობს ხელმისაწვდომობის ბარიერები ან ნებისმიერი სხვა დაბრკოლებები, რომლებიც მათ ღირსეული ცხოვრების უფლების რეალიზაციას უშლის ხელს.

„მსოფლიო მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1 მილიარდი ადამიანის სხეულის ავტონომიის უფლება, წესით, დაცულია, მაგრამ ეს ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაუცველები არიან ძალადობისგან, ან ეზღუდებათ საკუთარი სხეულისა და ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.

სტიგმა და გენდერული დისკრიმინაცია წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომლებიც მათ საკუთარი უფლებებითა და არჩევანით სარგებლობას უზღუდავს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები 10-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან გენდერული ძალადობის მსხვერპლნი და ხშირად ეზღუდებათ წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე. ბევრი მათგანი იძულებითი სამედიცინო ჩარევის, მათ შორის იძულებით სტერილიზაციისა და აბორტის, და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი ხდება.

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს მიაღწია და, მრავალ სფეროში კაცობრიობის მიღწევების წყალობით, უფრო ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება უკვე რეალობაა, დროა, ვიზრუნოთ უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული იმ ღრმა უფსკრულის ამოვსებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრ ადამიანს განვითარების პროცესებს მიღმა ტოვებს. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველა ადამიანს შეეძლება ცხოვრება, გარემო, სადაც არ არსებობს ხელმისაწვდომობის ბარიერები ან ნებისმიერი სხვა დაბრკოლებები, რომლებიც მათ ღირსეული ცხოვრების უფლების რეალიზაციას უშლის ხელს“, - აცხადებს კანემი.

მისივე განცხადებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ინიციატივის „ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილება“ უკან დგას, რაც გლობალური ძალისხმევაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ახალგაზრდების პროცესებში ჩართვისა და მათი გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

„პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციას. ძალიან ხშირად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ციფრული მიღწევების სარგებელს მიღმა რჩებიან. მაგალითად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების მრავალი პლატფორმა, მათ შორის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, არ იყო სრულად ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის - ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ახალგაზრდისთვის - სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ასაკის შესაბამის ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ციფრული სამყარო უზარმაზარ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მაგალითად, მობილური ტელეფონით შესაძლებელია წვდომის მოპოვება ინფორმაციასა და მომსახურებებზე, რაც უზარმაზარი სარგებლის მომტანია. თუმცა, მხოლოდ წვდომის მოპოვება საკმარისი არ არის; ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ასევე უზრუნველვყოთ თანამშრომლობა და მონაწილეობა. უზრუნველყოფა იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თანამშრომლობდნენ ტექნოლოგიების მწარმოებლებთან, მომსახურებებთან დაკავშირებით ერთობლივი ინოვაციური გადაწყვეტილებების გამოსანახად, ჩვენს ვალდებულებას წარმოადგენს, და ადასტურებს ჩვენს ერთგულებას დევიზისადმი - „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე”!

ეს მხოლოდ ერთი პატარა წინგადადგმული ნაბიჯია იმ მრავალთაგან, რომლებსაც მივყავართ სამყაროსკენ, სადაც ჩვენ - უკვე 8 მილიარდივე ჩვენგანს - გვსურს ცხოვრება. ეს შეუძლებელი იქნება, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1 მილიარდზე მეტი ადამიანი განვითარების პროცესებს მიღმა დარჩება. და დღეს, მოდით, კვლავ ავიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულება შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ადამიანის ინტერესები იქნება გათვალისწინებული და სადაც ყველას წინსვლისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ ყველას უფლებას, არჩევანსა და ღირსებას“, - აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა