კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ცენტრის უფროს მკვლევარს, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, გვინდა უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა რეზოლუცია მიიღო 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა, რომელმაც მოისმინა ხორვატი ევროპარლამენტარის, ტონინო პიკულას ანგარიშიევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებდა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუციის ტექსტი.

ფაქტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციის მიღება უკრაინაში მიმდინარე ომმა და ამ ომთან დაკავშირებით დასავლეთის კონსოლიდირებულმა პოზიციამ არა მარტო განსაზღვრა, არამედ განაპირობა კიდეც.

რეზოლუციაში ბევრი ისეთი მომენტია დაფიქსირებული, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ უხსნის იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რაც რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გააჩინა. მხედველობაში ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის გასავლელი გზა.

ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის ძირითადი სიახლეები რაში მდგომარეობს?

- დავიწყებ იმით, რომ ეს რეზოლუცია კანონს არ ნიშნავს, არც იმას, რომ ასე მოხდება აუცილებლად, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ძალების გაერთიანება, შეიძლება ითქვას, ევროპაში „ხალხის ხმა“ და იქ მხარდაჭერილ იდეებსა და მოწოდებებს აქვს ძალიან დიდი ძალა.

ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, როგორც წესი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაჟღერებული იდეები და მოწოდებები, თუ იმავდრიულად არა, დროთა განმავლობაში მაინც ხდება მათი რეალიზაცია, ანუ მთავრობების მიერ მათი გაზიარება, დაკანონება და მოქმედებებზე გადასვლა. ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ რომ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის რეალიზაცია მეტ-ნაკლებად მოხდება.

ამ რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვნად გამოჩნდა ის რომ ევროკავშირი იცვლება. უკრაინაში ომის შედეგად ევროკავშირი გახდა არა მარტო უფრო მეტად კონსოლიდირებული, არამედ ევროკავშირი გახდა უფრო ქმედითი. სწრაფად ვითარდება მოვლენები, ევროკავშირი ხდება რეფორმებისადმი მიდრეკილი. ისეთი რეფორმებისაკენ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას დააჩქარებს.

წარსული ორი ათწლეულის განმავლობაში გაფართოების პროცესი იყო შენელებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნები თითქოს იყვნენ გადავსებული და დაღლილი გაფართოების პროცესით.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაჟღერებული იდეები და მოწოდებები, თუ იმავდროულად არა, დროთა განმავლობაში მაინც ხდება მათი რეალიზაცია, ანუ მთავრობების მიერ მათი გაზიარება, დაკანონება და მოქმედებებზე გადასვლა. ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ რომ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის რეალიზაცია მეტ-ნაკლებად მოხდება

ევროკავშირში ყოველ ხუთ წელიწადში იცვლება როგორც ევროპარლამენტის შემადგენლობა, ისე ევროკომისია. ყოველ ეტაპზე ახალი ევროკომისია რომ მოდიოდა, თუ გნებავთ ევროპარლამენტი, პირველი რასაც აჟღერებდნენ იყო ის, რომ ჩვენი ვადის ამოწურვამდე ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

აქამდე ჩვენ ამას ვადევნებდით თვალს. ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც 20 წლის წინ დაიწყეს ევროკავშირში თავიანთი ინტეგრაცია, ზოგი კანდიდატის სახელმწიფოებიც გახლდნენ, ზოგი პოტენციური კანდიდატი, ხორვატიის გამოკლებით, აქამდე არც ერთი ქვეყანა არ გამხდარა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

რაც შეეხება სიახლეებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ, უნდათ შეცვალონ გადაწყვეტილების მიღების წესი. აქამდე ევროპულ საბჭოში, ანუ ლიდერების შეხვედრაზე და ევროკავშირის საბჭოში, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყვეტილებები სრული კონსენსუსით მიიღებოდა. ორივეს აქვს ძალა, რომ მიიღოს მთავარი მიმართულებები და გადაწყვეტილებები ევროკავშირის მომავლის შესახებ და აქვს ძალა რომ მიიღოს კანონები.

ახლა საუბარია იმაზე, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ კონსენსუსით მიიღებოდა, ახლა უმრავლესობით იქნას მიღებული. ოღონდ, ისეთი უმრავლესობით, 16 ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მიღებულად, თუ რომელიმე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებაზე დადებითი ხმის მიმცემები ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 65% იქნებიან.

მაგრამ, ეს ყველა საკითხზე არ ვრცელდებოდა. ეს არ ვრცელდებოდა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე გაფართოების საკითხზე. ამ საკითხებზე კონსენსუსი იყო საჭირო და ახლაც არის ჯერჯერობით საჭირო.

ერთი ქვეყანა თუ წავა წინააღმდეგი, რომ ქვეყანას არ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, მაშინ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ან არ დაიწყონ მოლაპარაკებები ამ ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამის გამო ფერხდებოდა ზოგიერთი ქვეყნების წინ წაწევა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასე მოხდა ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, როცა მათ არ აძლევდნენ კანდიდატის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში იმის გამო, რომ საბერძნეთი თვლიდა რომ ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს მითვისებული მისი პროვინციის სახელი.

ჩრდილოეთ მაკედონიას მეორეჯერ გაურთულდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი იმის გამო, რომ ბულგარეთია წინააღმდეგი. ბულგარეთი თვლის, რომ მაკედონიური ენა არ არსებობს, ჩრდილოთ მაკედონია ბულგარულ ენაზე საუბრობს, და შესაბამისად მოითხოვს ჩაიწეროს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარულ ენაზე საუბრობს.

ისეთ საკითხებზე კამათობენ ქვეყნები, რაც ევროკავშირს არ ეხება. ამიტომ, ამის თავიდან ასაცილებლად უნდათ დაამკვიდრონ გადაწყვეტილების მიღების უმრავლესობით მიღების წესი. ფაქტია, რომ ეს ევროკავშირის გაფართოების საკითხსაც შეეხება.

საქართველოსთან მიმართებაშიც შეიძლება ასეთი პრობლემები გაჩნდეს. არა გამორიცხული რომელიმე ქვეყანა აღმოჩნდეს წინააღმდეგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების. თუ ევროკავშირი უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესს მიიღებს, ეს საქართველოსაც წაადგება და რისკებისგან იქნება დაზღვეული.

თუ ევროკავშირი უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესს მიიღებს, ეს საქართველოსაც წაადგება და რისკებისგან იქნება დაზღვეული

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის ის, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ სტრუქტურებს, რომ მომავალში რეგიონულმა კონფლიქტებმა არ შეაფერხოს ამა თუ იმ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და ევროკავშირის გაფართოება.

გვახსოვს ანგელა მერკელის გამონათქვამი და მას ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები ეთანხმებოდნენ, - თუ ქვეყანას აქვს შიდა კონფლიქტი, არ შეიძლება ის მივიღოთ არც ევროკავშირში და არც ნატოში.

ახლა ევროპარლამენტი ევროპულ სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ შიდა კონფლიქტებმა არ უნდა შეაფერხოს ევროკავშირის გაფართოება. მეტიც, თუ სადმე კონფლიქტია, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ამისთვის ევროკავშირი ცალკე უნდა ეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და ამ პროცესში ინტენსიურად უნდა ჩაერთოს.

ახლა ევროპარლამენტო ევროპულ სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ შიდა კონფლიქტებმა არ უნდა შეაფერხოს ევროკავშირის გაფართოება. მეტიც, თუ სადმე კონფლიქტია, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ამისთვის ევროკავშირი ცალკე უნდა ეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და ამ პროცესში ინტენსიურად უნდა ჩაერთოს

მაგრამ, ეს განცალკევებით უნდა მოხდეს ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. პირველ რიგში აქ იგულისხმება სერბეთისა და კოსოვოს მაგალითი. სერბეთს წაყენებული აქვს პირობა, რომ სანამ ის არ მოაგვარებს კონფლიქტს კოსოვოსთან, მას ევროკავშირში არ მიიღებენ.

ახლა, როგორც ჩანს, ევროპარლამენტში მიხვდნენ, რომ სერბეთისთვის ასეთი პირობის წაყენება ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუმთავრებელს ხდის. ევროპარლამენტის ასეთ მიდგომას აუცილებლად ექნება დიდი გავლენა საქართველოზე.

- საქართველოზე რა კონკრეტული გავლენა შეიძლება ჰქონდეს?

- როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს არავინ არ მიიღებს ევროკავშირში, არც ნატოში, რადგან მას მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს, ეს ასე აღარ იქნება.

შესაძლებელი იქნება საქართველო მიიღონ კონფლიქტების მოუგვარებლად ევროკავშირში და ამის შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან ერთად გააგრძელოს ამ კონფლიქტების მოგვარება უკვე ევროპულ ძალებთან ერთად.

შესაძლებელი იქნება საქართველო მიიღონ კონფლიქტების მოუგვარებლად ევროკავშირში და ამის შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან ერთად გააგრძელოს ამ კონფლიქტების მოგვარება უკვე ევროპულ ძალებთან ერთად

- რეზოლუცია ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას, ასევე საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებს, შეიმუშაონ ისეთი ქმედითი მიდგომები, რომლებიც ერთი მხრივ, დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და, მეორე მხრივ, წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის უფრო მომთხოვნსა და მიზანმიმართულს გახდის ამ პროცესს.

რა მექანიზმები შეიძლება შეიმუშაოს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ, რაც ჩვენისთანა ქვეყნებს გაუიოლებს სავალ გზას ევროკავშირში?

- დიახ, აქ საუბარია იმაზე, რომ უფრო მეტი დახმარება გამოუყონ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ევროკავშირის კონკრეტული ფონდებიდან. ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე გაათანაბრებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის განვითარების დონეს, როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ სფეროებში, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო, თუ გნებავთ ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში და ასე შემდეგ.

ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს ამა თუ იმ ქვეყნების ევროპასთან არა მხოლოდ დაახლოებასა და ევროპეიზაციას, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებას. მანამდე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს არ ჰქონდათ ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთან წვდომის საშუალება.

მანამდე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს არ ჰქონდათ ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთან წვდომის საშუალება

სტრუქტურულ ფონდებს, სხვაგვარად დაახლოების ფონდები ჰქვია, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამორჩენილ რეგიონებში განხორციელდეს დიდი ფულადი ინიექციები და კაპიტალი. რაც ჩამორჩენილ რეგიონებს საშუალებას მისცემს განვითარდნენ.

ამით კანდიდატ ქვეყნებს გაეზრდებათ ხელშეწყობა, დაფინანსება, პოლიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა. და ეს მოხდება ევროკავშირის იმ ფონდებიდან, რომელიც ევროკავშირის შიდა დაფინანსების ფონდებია. მანამდე, მათ არ იყენებდნენ საგარეო დახმარებებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია საკმაოდ დიდ ფონდებთან წვდომის შესაძლებლობაზე.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ის ქვეყნები უნდა მიიღონ ევროკავშირში, რომელსაც ძალიან მყარი განწყობა აქვთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათთვის მნიშვნელოვანია და ისინი მზად არიან შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომლის შესრულებას მათგან ევროკავშირი ითხოვს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ის ქვეყნები უნდა მიიღონ ევროკავშირში, რომელსაც ძალიან მყარი განწყობა აქვთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათთვის მნიშვნელოვანია და ისინი მზად არიან შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომლის შესრულებას მათგან ევროკავშირი ითხოვს

ხაზგასმულის ის, რომ განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობენ ქვეყნების პოლიტიკურ ტრანსფორმაციას. ის 12 პუნქტი, რომლის შესრულების რეკომენდაცია მოგვცეს, პრაქტიკულად ყველა არის პოლიტიკური ხასიათის.

იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, მაგალითად ეკონომიკური განვითარება. ფიქრობენ, რომ ეკონომიკურ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება, თუ არის ქვეყნის პოლიტიკური ნება. ამიტომ ითხოვენ, რომ ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით.

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია და ქვეყანაში იყოს მეტი სტაბილიზაცია. ეს ინსტიტუტების განვითარების გარეშე ვერ მიიღწევა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს ხელშეწყობილი. საუბარია, ომბუდსმენის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია უაღრესად და იმდენად, რადგან ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება. ფაქტია, რომ ეს საკითხები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გადამწყვეტი იქნება.

- „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ბრძანეთ - „თუ საქართველომ უკრაინაში ომის დასრულებამდე ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდეგ მსოფლიო სხვანაირად დალაგდება და ჩვენ ევროპული პერსპექტივა ბევრად გაგვირთულდება“.

როგორც ჩანს, ევროპული სტრუქტურები ახლა იმ პერიოდისთვის ემზადებიან, როცა უკრაინაში ომი დასრულდება. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ჩვენ როგორ ვემზადებით ამავე პერიოდისთვის? ან ვემზადებით კი საერთოდ რამესთვის?

კი ვხედავთ ხელისუფლების აქტიურობას, მხედველობაში მაქვს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტებს პორტუგალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, მაგრამ კითხვა ასე იმიტომ დავსვი, რომ ასევე ვხედავთ, საქართველო ვერ ასრულებს ევროპულ რეკომენდაციებს, რის გამო აშკარად გადაგვივადეს მათი შესრულება...

- პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, მარტო უკრაინაში ომის დასრულებას რომ ველოდოთ, შესაძლოა, შემდეგ, უკვე გვიანიც კი იყოს.

ასეა იმიტომ, რომ რეზოლუციაშია, რომელზეც ვსაუბრობთ, საუბარია სერბეთზე, მაგრამ ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როგორც ქართულ ანდაზაშია - მულო გეუბნებიან და რძალო გაიგონეო.

რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ სერბეთს კონფლიქტებთან დაკავშირებით დიდ რევერანს უკეთებენ, მხედველობაში მაქვს ის, რომ აღარ მიაქცევენ ყურადღებას სერბეთმა კოსოვოსთან მოაგვარა კონფლიქტი თუ არა, მაინც მიიღებენ ევროკავშირში.

მაგრამ, იქ ასევე წერია, რომ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სერბეთი შეუერთდება უკრაინასთან დაწესებულ სანქციებს და დაანებებს თავს რუსეთთან თანამშრომლობას. პირდაპირ თანამშრომლობაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაინც ტექსტიან ასე გამოდის.

ევროკავშირისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, მკაფიო პოზიცია ჰქონდეთ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ანუ, მკაფიოდ აჩვენონ, ვის მხარეზე არიან. ევროკავშირისთვის ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ ომი უკრაინისთვის. უკრაინის ომი კარგა ხანია გამხდარია ევროკავშირის ომად.

ევროკავშირისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, მკაფიო პოზიცია ჰქონდეთ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ანუ, მკაფიოდ აჩვენონ, ვის მხარეზე არიან. ევროკავშირისთვის ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ ომი უკრაინისთვის. უკრაინის ომი კარგა ხანია გამხდარია ევროკავშირის ომად

ასეთ ვითარებაში, ცხადია, რომ ევროკავშირისთვის, ამ პროცესებიდან დისტანცირებული, ანაც „შუაში მდგომი“ ქვეყნები მიუღებელი იქნებიან. საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არამედ იმაზე, რომ სერბეთიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციაც შევიდა.

ამ თემაზე სერბეთის ხელმძღვანელმა უჩიჩმა თქვა, რომ მათ დააკავეს იმ კომპანიების წარმომადგენლები, ვინც ეს ჩაიდინა.

ეს ყველაფერი იმაზე, მიუთითებს, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ჩვენ უფრო მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენ ვასრულებთ აღებულ ვალდებულებას და საქართველოდან არ ვატარებთ სანქცირებულ ტვირთებს, რომელიც აკრძალულია. როგორც ჩანს, ალბათ საჭიროა, ამის უფრო მკაფიოდ დემონსტრირება და უფრო მეტად უკრაინისთვის ხელშეწყობა.

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სხვა ვითარება იქნება, ანუ ევროკავშირი აღარ შეაჩერებს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ევროპის კონტინენტზე ევროკავშირის გარეშე დარჩენილ ქვეყნებს უფრო მეტად ექნებათ შესაძლებლობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ანუ, მათთვის ახლა ევროკავშირის კარი მართლა ღიაა. ევროკავშირი აღარ შეაფერხებს გაწევრიანების პროცესს. მეტიც, ის დაეხმარება მათ უფრო სწრაფად გაწევრიანდნენ, ოღონდ, აქ, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული პირობები, რომელიც ამ ქვეყნებში პოლიტიკურ ფასეულობებს შეეხება.

ქვეყანა, რომელსაც არ არის ევროპული ფასეულობების მატარებელი და თუ არ არის ქვეყანა დემოკრატიული და პოლიტიკური ინსტიტუტების მქონე, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის ფუნქციონირებას, მასთან ევროკავშირი ინტენსიურად არ იმუშავებს და არ ეცდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

ქვეყანა, რომელსაც არ არის ევროპული ფასეულობების მატარებელი და თუ არ არის ქვეყანა დემოკრატიული და პოლიტიკური ინსტიტუტების მქონე, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის ფუნქციონირებას, მასთან ევროკავშირი ინტენსიურად არ იმუშავებს და არ ეცდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას

ეს შეიძლება შეეხოს პირველ რიგში თურქეთს, რადგან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ისედაც გაჩერებულია. შესაძლოა, საქართველოსაც შეეხოს. ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა.

- ევროსტრუქტურების გზავნილებიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს პარტნიორებს ევროსტრუქტურებში საქართველო არ მიუტოვებიათ. მეტიც, კარგად ჩანს, რომ ჩვენთან მიმართებაში განსაზღვრული აქვთ სტრატეგია და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.

ბრიუსელიდან გზავნილებზე ვხედავთ მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეულ მოძრაობებს, მაგრამ, აშკარად არასაკმარისს მოძრაობებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა შეიძლება ჩათვალონ - რადგან საქართველო ყველაფერს არ აკეთებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად, მაშინ არ ღირს ამ ქვეყანასთან საუბარი?

- ეს სრულიად შესაძლებელია, იმიტომ რომ ყველანაირ ძალისხმევას გააჩნია თავისი ზღვარი და შესაძლებლობები. გარდა ამისა, ყველაფერს აქვს თავის ფასი. ევროკავშირს არ უღირს ძალიან ბევრი ადმინისტრაციული, დიპლომატიური და ფინანსური შესაძლებლობა დახარჯოს იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანას შეაცვლევინოს ქვეყნის საგარეო კურსი, ან დააჩქაროს მისი ტრანსფორმაცია და ასე შემდეგ.

თუ ევროპაში დაინახავენ, რომ საქართველოში რთულდება ქვეყნის პოლიტიკური ტრანსფორმაცია და ამ ქვეყანაში ევროპული ყაიდის საზოგადოების აშენება ახლო მომავალში ძნელია, ან შეუძლებელიცაა, რა თქმა უნდა, ისინი სხვანაირ მიდგომებს ჩამოაყალიბებენ საქართველოს მიმართ. მათთვის საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის დაკარგვა არ იქნება მიზანშეწონილი.

თუ ევროპაში დაინახავენ, რომ საქართველოში რთულდება ქვეყნის პოლიტიკური ტრანსფორმაცია და ამ ქვეყანაში ევროპული ყაიდის საზოგადოების აშენება ახლო მომავალში ძნელია, ან შეუძლებელიცაა, რა თქმა უნდა, ისინი სხვანაირ მიდგომებს ჩამოაყალიბებენ საქართველოს მიმართ. მათთვის საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის დაკარგვა არ იქნება მიზანშეწონილი

ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი შეეცდება საქართველო დატოვოს თავის პარტნიორ ქვეყნად. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის პარტნიორი დღეს აზერბაიჯანიც არის. აზერბაიჯანს ევროკავშირი აღარ ითხოვს პოლიტიკური რეფორმების გატარებას და ქვეყნის სტანსფორმაციას. ადრე სხვა მიდგომა ჰქონდათ.

ასეთივე ქვეყნად შეიძლება დარჩეს საქართველო - პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანა, პარტნიორი ევროკავშირისთვის, რომელთანაც იქნება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ევროაზიაური სატრანზიტო დერეფნის კონტექსტში, შესაძლოა უსაფრთხოების თვალსაზრისით იყოს თანამშრომლობა, მაგრამ ქვეყანას ნაკლებად ექნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

- ფაქტია, რომ ევროპული გზავნილების საპასუხოდ ის გზავნილები, რომელიც თბილისიდან ესმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მათთვისაც დამაბნეველია და ჩვენი საზოგადოებისთვისაც.

გაქვთ იმის განცდა, რომ ამგვარ კონკრეტულ პასუხებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები თბილისიდან მიიღებენ?

- ეს უკვე შიდაპოლიტიკური კონტექსტის საქმეა, რომლის ექსპერტი მე არ გახლავარ. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობა ბევრ საკითხებში. ისიც გამოჩნდა, რომ ხელისუფლებაში თითქოს გაიყო კიდევაც პოზიციები. ძალიან მკვეთრად მოწინააღმდეგეები დადგნენ ერთ მხარეს, საუბარია იმათზე, ვინც ეწინააღმდეგება ევროპულ რეფორმებსა და ევროპული რეკომენდაციების შესრულებას.

ყველაფერი უნდა შეიცვალოს თუ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ბალანსირება და თამაში არ გამოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ საქართველოშიც დასრულდება ორმაგი თამაშის პოლიტიკა და საქართველო მკაფიოდ დადგება იმ მხარეზე, რომელზეც უნდა იდგეს

ხოლო მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს რბილად ცდილობენ რეფორმების გატარებას, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმი მათაც არ ემჩნევათ. ესეთ მდგომარეობაში ვართ ახლა.

ყველაფერი უნდა შეიცვალოს თუ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ბალანსირება და თამაში არ გამოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ საქართველოშიც დასრულდება ორმაგი თამაშის პოლიტიკა და საქართველო მკაფიოდ დადგება იმ მხარეზე, რომელზეც უნდა იდგეს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

- ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმა სპექტრმა.

ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს ჟენევის დისკუსიებში აშშ-ს მხრიდან მონაწილე ფილიპ რილკეს შეხვდა და ამ შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი.

სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს აშშ-ს წარმომადგენლის ვიზიტმა და პრემიერთან არაფორმალურ ვითარებაში გამართულმა შეხვედრამ?

- ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და შეიძლება ამან გავლენა იქონიოს ჩვენს პოლიტიკაზე იმ კონფლიქტებთან მიმართებაში, რომელიც გვაქვს.

საგულისხმოა ის, რომ ეს შეხვედრა უკრაინაში ომის ფონზე გაიმართა. რუსეთი სუსტდება, მას გაჰყავს თავის ჯარები პერიფერიებიდან. შესაძლოა, რუსეთმა ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც. შესაძლოა, ეს მისი კაპიტულაციის პირობებიც კი იყოს.

ასეთ ახალ პირობებში, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღარ იქნებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები, საჭირო იქნება ძალიან კარგად გააზრება იმისა, საქართველოს ამ რეგიონებთან მიმართებაში როგორი პოლიტიკა ექნება.

ასეთ ახალ პირობებში, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღარ იქნებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები, საჭირო იქნება ძალიან კარგად გააზრება იმისა, საქართველოს ამ რეგიონებთან მიმართებაში როგორი პოლიტიკა ექნება

რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობიანი კურსი, მიუხედავად იმისა, იქ იქნება თუ არა რუსეთის ჯარი. არავითარ შემთხვევაში ომი ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ბევრად მეტი ბერკეტები და შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ აწარმოოს ეფექტური მოლაპარაკებები ამ რეგიონებთან უკვე რუსეთის გარეშე.

ამ პროცესში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გაგვიწიონ აქტიური მხარდაჭერა რომ ამ მოლაპარაკებებში მთლიანობაში საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. ანუ მოხდეს ამ რეგიონების საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ფართო ავტონომიით და უფლებებით.

ამ ყველაფერზე ახლა უნდა იფიქროს საქართველომ. იმედი მაქვს, ამ შეხვედრაზე სწორედ ამ კონტექსტში გაიმართა საუბარი, ან ინიციირება მოხდა იმ მიმართულებების, რაზეც უკვე ვისაუბრე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით