ჯიმ რიში - თუ საქართველოს სურს გახდეს ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა პრესის, სიტყვის და შეკრების თავისუფლება, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა, არ უნდა გქონდეთ კორუფცია

ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება - თუ საქართველოს სურს გახდეს ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება,- ასე უპასუხა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმის“ კითხვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც სენატორმა აღნიშნა, ქვეყანას ძალიან სჭირდება დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა.

„მე და ჯინი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი დამკვირვებლები ვიყავით. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი დამარცხდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ მეორე დილით ორივეს შევხვდით. უნდა გითხრათ, რომ იმ არჩევნებს ვაკვირდებოდი და წარმოუდგენლად აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ როგორ ჩაატარეს ეს არჩევნები. იქიდან წამოვედი ძლიერი განცდებით, რომ საქართველომ გადაშალა ფურცელი და რომ ეს იყო რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ, პირველი ნამდვილი, ღია არჩევნები. როცა იქიდან წამოვედით, ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იმით, თუ საით მიდიოდა ქვეყანა და ეს არა იმის გამო, თუ ვინ დამარცხდა ან ვინ აირჩიეს, არამედ იმის გამო, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. მას შემდეგ იმედგაცრუებული ვარ. თქვენ მკითხეთ რა უნდა გააკეთონ? ნახეთ... ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება. თუ, მათ სურთ გახდნენ ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება...

რაც მთავარია, და, რაც ქვეყანას ძალიან სჭირდება არის დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა. უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, უნდა გქონდეთ დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა გყავდეთ საზოგადოება, რომელიც აკვირდება იმას, რაც ხდება და ამბობს, რომ აი, ნახეთ, ეს არის ჩვენი კანონები, ეს არის სასამართლო, რომელიც მათ იცავს. ასევე, არ უნდა გქონდეთ კორუფცია. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ.

არ გვსურს ფოკუსირება მხოლოდ უარყოფითზე, რადგან ცხადია, ისინი ბევრ დადებითსაც აკეთებენ, მაგრამ მათ უნდა გაამახვილონ ყურადღება საკუთარ დემოკრატიაზე და თუ ისინი ამას გააკეთებენ, მიზანს მიაღწევენ... და მათ ამ მიზანს უნდა მიაღწიონ, რადგან ამისთვის ყველა ბერკეტი აქვთ, რომ გახდნენ სამყაროს ნამდვილი პროდუქტიული წევრი“,- განაცხადა ჯიმ რიშმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება