სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უწყების წარმომადგენლებმა, ანკარაში, ერთ-ერთი წამყვანი GMP სტანდარტის მფლობელი ფარმაცევტული საწარმო და GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობილი საბითუმო დისტრიბუტორის საწყობი დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ მაღალი ხარისხის წამლის წარმოების, რეალიზაციისა და კონტროლის მექანიზმებს. რეგულირების სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტული მიმართულებით თურქეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, სადაც ყველაზე ეფექტური მარეგულირებელი მექანიზმები მოქმედებს.
ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები თურქეთის წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სპეციფიკასაც გაეცნენ. ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს უახლოეს მომავალში გაიხსნება. შენობაში ამჟამად სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ლაბორატორია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება და GLP (კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისად მოეწყობა. ცვლილების შედეგად საქართველოს, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარის კონტროლის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ექნება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლები თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავასაც შეხვდნენ.