გივი მიქანაძე - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პოზიტიური შეფასებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პოზიტიური შეფასებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული - დეტალურად განვიხილავთ დოკუმენტში ასახულ თითოეულ რეკომენდაციას და მეორე მოსმენისთვის წარვადგენთ შესაბამის ცვლილებებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდევია 15 დეკემბრის სხდომაზე, ხოლო მმართველი გუნდი ცვლილებებს სამივე მოსმენით დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.

"მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, რომ 5 ოქტომბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რაც 10 ოქტომბერს ექსპერტული დასკვნისთვის გადაიგზავნა ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდევი აქვთ 15 დეკემბრის სხდომაზე. მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები დასკვნაში გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზის შემცირებაზე, ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე.

ცალსახაა, რომ მუშაობა, რომელიც მმართველმა გუნდმა ოპოზიციური სპექტრის ნაწილთან ერთად გასწია გასული თვეების განმავლობაში, დადებითად იქნა შეფასებული ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პროცესისთვის ჩვეული გამჭვირვალეობიდან გამომდინარე ეს დოკუმენტი ორივე საერთაშორისო ორგანიზაციასთან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე გამოქვეყნდება დღეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დასკვნის პროექტში რეკომენდაციებია რიგ საკითხებზე, შემდგომი სრულყოფის მიზნით, რაზეც ჯერ კიდევ პირველი მოსმენის ფორმატში განვაცხადეთ, რომ მეორე მოსმენაზე ამ საკითხების უფრო დეტალურ გაწერას განვახორციელებდით.

ჩვენ დეტალურად გავიხილავთ დოკუმენტში ასახულ თითოეულ რეკომენდაციას და მეორე მოსმენისთვის წარვადგენთ შესაბამის ცვლილებებს.

საზოგადოებას ახსოვს, რომ როდესაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გამოცხადდა დეტალური სამოქმედო გეგმა, იქ გაიწერა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მიღებული იქნება 2022 წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან ველოდებოდით დასკვნას გაცილებით ადრე, არსებული მოცემულობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ცვლილებები სამივე მოსმენით დეკემბრის ბოლომდე მივიღოთ.

მოგეხსენებათ, რომ არსებული პრაქტიკით, დასკვნის სამუშაო ვერსია ცვლილებებს ფაქტობრივად არ განიცდის. შესაბამისად, ვიხელმძღვანელებთ რა წარმოდგენილი დოკუმენტით, მიმდინარე კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განსახილველად იქნება წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენის ფორმატში და მხარდაჭერის შემთხვევაში, მომავალ სასესიო კვირას განხილული და დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარმოდგენისა და თანამშრომლობისთვის. "ქართული ოცნება" ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების, მაღალი ხარისხით უზრუნველყოს 12 პუნქტიანი გეგმის სრულფასოვანი განხორციელება, რაც კონკრეტული ნაბიჯებითა და აქტივობებით დასტურდება,"- განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა