გამზადებულია 50-მდე ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის, ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება - ქონების ეროვნული სააგენტო დაიწყებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო შეთავაზებებს და პარალელურად მუშაობა გვექნება უფრო ფართო არეალებზე, გენგეგმების შემუშავებაზე იმისთვის, რომ კურორტები თუ საკურორტო ადგილები სწორი გეგმის შესაბამისად განვითარდეს , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად ბიზნესთან კომუნიკაციას იწყებს.
„ჩვენმა გუნდმა რამდენიმე თვე იმუშავა. ისინი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან და ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებთან იმუშავეს. არსებული კურორტების მდგომარეობა და პერსპექტიული, პოტენციური განვითარების შესაძლებლობები შეისწავლეს. იცით, რომ იყო საკურორტო ჩამონათვალი, რომელსაც შეიძლება დღეს ადეკვატური საინვესტიციო მიზიდულობა არ გააჩნდეს და შეფასებულია, გამზადებულია 50-მდე ასეთი ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის, ჩვენი აზრით, იქნება საინტერესო. ეს იქნება სხვადასხვა მიმართულებით: ბალნეოლოგიური და სხვადასხვა მიზიდულობის მქონე და ჩვენ უახლოეს ხანში დავიწყებთ პროაქტიულად ბიზნესთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ მოვიძიოთ ინვესტიციები. ქონების ეროვნული სააგენტო დაიწყებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო შეთავაზებებს და პარალელურად მუშაობა გვექნება უფრო ფართო არეალებზე, გენგეგმების შემუშავებაზე იმისთვის, რომ კურორტები თუ საკურორტო ადგილები სწორი გეგმის შესაბამისად განვითარდეს და არ მივიღოთ ქაოსური განვითარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.