ლელა ჯეჯელავა - სად იომა ღარიბაშვილმა? ვისი სახელით ლაპარაკობს, რომ იომა? ივანიშვილმა სად იომა? სად იყო მისი ომი, 90-იანების რუსეთში? - რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ეს, როცა ამდენი სიცოცხლე აქვს საქართველოს გაღებული თავისუფლებისთვის

სად იომა ღარიბაშვილმა? ვისი სახელით ლაპარაკობს, რომ იომა? ივანიშვილმა სად იომა? სად იყო მისი ომი, 90-იანებში რუსეთში? კრიმინალებს შორის ომს გულისხმობენ თუ რას? - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჩვენ სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ეს საკმარისია“.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ „სიტყვებით თამაშს“ თავი უნდა დაანებოს.

ირაკლი ღარიბაშვილს მართლა ჰგონია, რომ ეს მისი გადასაწყვეტია? სად იომა თვითონ? არ ერიდება, რომ ასეთ კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს, როდესაც ომზე ლაპარაკობს? ან თავისმა ე.წ. ბოსმა, ივანიშვილმა სად იომა? სად იყო მისი ომი? 90-იანებში რუსეთში? კრიმინალებს შორის ომს გულისხმობენ თუ რას? მათ რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ეს, როდესაც ამდენი სიცოცხლე აქვს საქართველოს გაღებული არა მშვიდობისთვის, არამედ თავისუფლებისთვის. არანაირი მშვიდობა თავისუფლებისა და სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სანამ ეს ქვეყანა თავისუფალი არ იქნება და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება და სანამ ამ ქვეყანას არ ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ამხელა უფსკრულს არ გააჩენს, არანაირი მშვიდობა არ იქნება ამ ქვეყანაში.

მშვიდობას რომ გვამადლიან, ძალიან სასაცილოა. მშვიდობა არის ადამიანის მენტალური და სულიერი მდგომარეობა - ის არ იყიდება და იჩუქება. ვინ ვართ ახლა მშვიდად, როდესაც ამ „მშვიდობის ქალაქში“ მაწანწალა ძაღლები და ადამიანები როგორ ეძებენ საჭმელს? ვინ არის მშვიდად გარდა ჩვენი ხელისუფლების? ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გვაქვს? ვინ არის მშვიდად, როდესაც ადამიანებს უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ? არამგონია, რომ ამ ქვეყანაში საღი, ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანები ახლა მშვიდად გრძნობდნენ თავს და მათ გულებში მშვიდობა იყოს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ხელისუფლებისთვის ძალაუფლება არის მათი კეთილდღეობის წყარო და მათ სხვა ინტერესები არ აქვთ.

„ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ტკივილი არ სტკივა და ჩვენი სიხარული არ უხარია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვერ გრძნობს საკუთარი ხალხი მაჯისცემას. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს რა გვინდა, მათგან რას მოვითხოვთ ისიც არ აინტერესებთ. ეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ძალაუფლება არის მათი კეთილდღეობის წყარო - სხვა ინტერესები მათ არ აქვთ. 3 დღე დუმდე, როდესაც 5 მეომარი ერთად გეღუპება? მეომარიც რომ არ ყოფილიყო და ტრაგიკული შემთხვევაც რომ მომხდარიყო სადმე და 5 ადამიანი დაღუპულიყო, ხელისუფლება 3 დღე ჩუმად უნდა იყოს?

ხელისუფლება, რომელიც იჩემებს, რომ არის ქართული ტრადიციული ღირებულებების დამცველი და სხვისკენ იშვერს ხელს, რომ ისინი ქართველობას გვართმევენ, ასეთ ხელისუფლება არც ვეფხის და მოყმის ბალადა წაუკითხავს, ერთხელ მაინც არ განუცდია სამძიმრის თქმა. მათ წაკითხული კი არა, ყურიც კი არ აქვთ მოკრული, რომ ქართველმა პოეტმა დაწერა ასეთი ლექსი - "ვოი, რა ძნელია სიკვდილი ლოგინში"... ქართველი ყოველთვის სახელოვან სიკვდილს რომ ეძებდა, ეს რომ არის ქართველის ნამდვილი ბუნება, ეს არ სმენიათ და არ გაუგიათ ამ ხელისუფლებაში. როგორ შეიძლება გაეგოთ? ისინი ხომ სრულიად სხვა ღირებულებებით ცხოვრობენ? ისინი თვალებში მხოლოდ ერთ ადამიანს უყურებენ - როდის გაუღიმებდა და მოწყალებას როდის გადმოუგდებდა. ისინი ხომ სხვის მოწყალებაზე დაზრდილი ადამიანები არიან, მათ საკუთარი ღერძი მორალური ღირებულებებისა არასდროს ჰქონიათ - ერთადერთი ღირებულება იყო წყალობა ბატონისგან. დანარჩენ საქართველოში სხვა ღირებულებათა სისტემა აქვს“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი