მამუკა მამულაშვილი - ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა - პატივისცემით მოეპყროს საკითხს, რასაც „ქართული ლეგიონი“ აკეთებს

ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა. მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი - მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება, -ასე გამოეხმაურა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი "ნაცმოძრაობიდან" პარლამენტის წევრი იყო.

როგორც მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მმართველი გუნდი უმჯობესია საქართველოს ინტერესების დაცვით დაკავდეს.

„მოვუწოდებ, სწორედ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ჩემთვის პირადად მისაღები არ არის, დაკავდეს იმით, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს.

რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, არაერთხელ ვყოფილვარ დაპატიჟებული, მილაპარაკია და მე მგონი, ეს ღარიბაშვილის კომპეტენცია არ უნდა იყოს საერთოდ.

მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არ ვყოფილვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, ყველა ადამიანს აქვს. მე მგონი, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ჩემი ერთადერთი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი ბოლო ერთი წელი“, - აცხადებს მამულაშვილი.

რაც შეეხება "ქართულ ლეგიონს", მამუკა მამულაშვილის განმარტებით, "ქართული ლეგიონი" დღეს, უკრაინის ჯარში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია, რომელიც თავის რიგებში 33 სხვა ეროვნების ადამიანს აერთიანებს.

„ამას ხედავენ უკრაინელები, ჩვენი დასავლელი მეგობრები, ევროპელები, მაგრამ ამას ვერ ხედავს ღარიბაშვილი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია ჰგონია, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავდნენ საქართველოს ინტერესების დაცვით. დღეს, უკრაინამ შეძლო და შეინარჩუნა ერთობა. უკრაინამ შეძლო ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება ომში და შეძლო ფიზიკური უპირატესობისაც იმიტომ, რომ მიმდინარეობს კონტრშეტევა და ამ კონტრშეტევაში უკრაინა წინ წარმატებით იწევს“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი "ნაცმოძრაობიდან" პარლამენტის წევრი იყო.

„მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს