თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაიმართება.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირიდან 3 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

„საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 230. საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებულმა მოქმედებებმა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომმა, დღემდე მიმდინარე არაერთ უმძიმეს გამოწვევასთან ერთად, მრავალი ჩვენი თანამემამულე და გმირი შეიწირა და ამასთან 2300-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ტრაგიკული ისტორია შექმნა. სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰუმანიტარული პროგრამის მიმდინარეობას გაუჩინარებულთა მოძიების და მათი ოჯახების თანადგომის მიზნით, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებში ამ ეტაპზე ჩვენ კიდევ დამატებით 11 პირის იდენტიფიცირება და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენება შევძელით. დღეს, განსაკუთრებით მძიმე დღეა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობელი ადამიანის დაკარგვის დადასტურებით, კიდევ ერთხელ, განიცდიან განუზომელ ტკივილს და მსურს, მათ კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო, მაგრამ ამასთანავე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მრავალწლიანი გაურკვევლობის და მოლოდინის დასრულება, მცირედით მაინც ანუგეშებთ მათ, რისთვისაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გაერთიანებული ძალისხმევით და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, განვაგრძობთ ამ პროგრამის განხორციელებას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო