ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022

ვის მხარესაა უპირატესობა ბახმუტში, სადაც ქართველი მებრძოლებიც იბრძოდნენ

რა არის უკრაინის ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი გარკვეული ტერიტორიების სწრაფ დეოკუპაციაზე

რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი

* * *

ვის მხარესაა უპირატესობა ბახმუტში, სადაც ქართველი მებრძოლებიც იბრძოდნენ

“უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ბახმუტის, ანდრეევკას, იაკოვლევკას, სოლედარის, კურდიუმოვკასა და კრასნოგოროვკას დასახლებებში. გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ წყვეტენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის მხარესაა უპირატესობა ბახმუტში / “რუსები მარტო ქვეითებად მოქმედებენ და ჯავშანტექნიკას არ იყენებენ, მცირე ჯგუფებით”.

“ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე. ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევას, აქტიურად იყენებს ავიაციას თავისი სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია, სადაც იტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ასეთ დასახლებულ ქალაქში ბრძოლა ახლო კონტაქტზე მიმდინარეობს და იქ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც დანაყოფს ჰგონია, რომ მტერი ალყაში ჰყავს, მაგრამ ალყაში თავად არის მოქცეული. გენერალი ამბობს, რომ უკრაინელების და რუსების მხრიდანაც ბახმუტში დიდი დანაკარგებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ბახმუტში ორივე მხრიდან ბრძოლა დახურული პოზიციიდან მიდის და ტანკიც კი არ გამოდის ღიად სააბრძოლველად. რუსებმაც ისწავლეს რაღაცეები და ამიტომ ქალაქში ბრძოლა ძალიან რთულად მიმდინარეობს. თან მათ მხარს საარტილერიო დარტყმებით უმაგრებენ და უკრაინელებისთვის საკმაოდ რთული ბრძოლა მიდის. რუსები აღნიშნულ დაპირისპირებასთან ადაპტირდნენ. სწორედ აი, ასეთ ალყაში მოხვდნენ ქართველები, რომლებსაც ეგონათ, რომ ალყა თავად ჰქონდათ დარტყმული. ქალაქში საკმაოდ რთულია ბრძოლაა და ბახმუტში მით უმეტეს, როცა საარტილერიო დარტყმა არ ჩერდება. რუსები ბახმუტში მარტო ქვეითებად მოქმედებენ და ჯავშანტექნიკას არ იყენებენ. მცირე ჯგუფებით, ასე 100-ილს ან 20- ილის დონეზე გამოდიან. რუსები დაახლოებით ისე იქცევიან, როგორც ხარკოვში უკრაინელები. თუმცა, აქ განსხვავება ის არის, რომ უკრაინელების დაცვის ხაზი ძალიან მყარია და ეს ზღუდეები კარგად აქვთ გამაგრებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“რუსებისთვის ახლა მთავარი მიზანი ისაა, რომ ზამთრის კამპანიაში რაღაცა პოზიტივით გავიდნენ. შიდა აუდიტორიისთვის შესათავაზებელი რაღაცა ხომ უნდა ჰქონდეთ. ბახმუტის აღებით კი უკრაინელებს სამხრეთიდან შეუტევენ და კრამატორსკი - სლავიანსკის მიმართულებაზე გავლენ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს შეძლონ, რადგან ჯერ ბახმუტი ვერ აუღიათ და ამ მიმართულებებზე მით უმეტეს ძალიან გაუჭირდებთ. ბევრად გამაგრებული რაიონები არიან. ბახმუტი ალყაში არ არის. აქ ბახმუტის რაიონზეა საუბარი. ქალაქის დაცვა უკრაინელებს ძალიან ძლიერად აქვთ გამაგრებული. აქ არის საუბარი ქალაქის გარე უბნებზე, სადაც ქართველები ალყაში მოხვდნენ და დაიღუპნენ”, - განმარტავს გენერალი.

“მისივე თქმით, ბახმუტის მარიუპოლიზაცია რუსებს ნაკლებად დაეხმარებათ, რადგანაც ქალაქებს რაც უფრო დაანგრევენ, იქ შესვლა მით უფრო გაუჭირდებათ. გენერალი ამბობს, რომ მძიმე ბრძოლებია, მაგრამ უკრაინელები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. რუსები ცდილობენ, რომ ქალაქს მეორე მხრიდან შემოუარონ და ალყაში მოაქციონ, როგორც მარიუპოლში, მაგრამ, ამას ჯერ ვერ ახერხებენ. უკრაინელების შეცდომა იყო, როცა რუსების 20 000-მდე დანაყოფი ხერსონიდან გამოუშვეს. ეს არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი, რომელმაც ხერსონი ყველანაირი ცოცხალი ძალის და ტექნიკის დანაკარგის გარეშე დატოვა. არ ვიცი რა მოხდა და რატომ შეძლო ამ დანაყოფმა მდინარის მეორე მხარეს უსაფრთხოდ გამოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს ძალა ბახმუტის მიმართულებაზე გადაიყვანეს და მან ჯარის ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიერა”, - მიიჩნევს გენერალი.

რა არის უკრაინის ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი გარკვეული ტერიტორიების სწრაფ დეოკუპაციაზე

“უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან, ზამთარი კი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საკვანძო ეტაპი იქნება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ოპტიმიზმის საფუძველი რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ გაზაფხულისთვის უკრაინელებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა რეალურად შეძლონ. ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ზამთარი მართლაც საკვანძო ეტაპი იქნება, როგორც უკრაინისთის, ისე დასავლეთისთვის, რადგან რუსეთი ორივეს გატეხვას ცდილობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის უკრაინის ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი გარკვეული ტერიტორიების სწრაფ დეოკუპაციაზე / “ეტყობა, სიგნალებია, რომ ქვეყანა ისეთ ტექნოლოგიურ დახმარებას იღებს, რომელსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია”.

“1919 წლის 6 დეკემბერს უკრაინის არმიის ზამთრის კამპანია დაიწყო. 2022 წლის 6 დეკემბერს ის გაგრძელდა და დასრულდება უკრაინული გაზაფხულით გათავისუფლებულ სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინული ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ!” - წერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი “ტვიტერზე”. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები არ მუშაობს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს უკრაინას საკუთარი შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების განვითარებაში, რომელიც პოტენციურად შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის ტერიტორიისკენ. მანამდე, “სიენენთან” სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ბაზებზე ბოლო დროს დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინელები დგანან. “უკრაინელები ძალიან ინოვაციურები არიან. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარი ტექნოლოგიებით და საკუთარი აღჭურვილობით?”, - აღნიშნა ნულანდმა. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა, რომ უკრაინას არ მიეწოდოს თავდასხმითი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, არ შეცვლილა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ აშშ “არ ახალისებს” უკრაინას მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას”, აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არის თავდაცვითი საშუალებები”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ნატო-ს სტანდარტების ტანკებს და საბრძოლო თვითმფრინავებსაც კი. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის პარტნიორები ძალიან პრაქტიკულები, პრაგმატულები და რეალისტები არიან, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ თუ უკრაინას რაიმე ახალ სისტემას აძლევენ, უკრაინას აქვს საბრძოლო მასალა საწყობებში, ჰყავთ ინსტრუქტორები და გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები. რეზნიკოვის თქმით, “ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებები, არამედ ტექნოლოგიური და ლოგისტიკური... მჯერა, რომ ბრძოლის ველზე ნატო-ს სტანდარტების ტანკები და თვითმფრინავები გამოჩნდებიან, ისევე როგორც ახლა ჩვენს არტილერიაში იბრძვის რვა 155 კალიბრიანი სისტემა სხვადასხვა ქვეყნიდან”... - განაგრძობს გამოცემა.

“ამერიკული “ომის შესწავლის ინსტიტუტის” შეფასებით, კრემლი უარყოფს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს. ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ. “უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსი მობილიზებულები, რომლებიც ახლა ფრონტზე მიდიან, უკეთ გაწვრთნილები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ფრონტზე 21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებისთანავე გაგზავნეს. კრემლს თითქმის სამი თვე დასჭირდა ამ ქვედანაყოფების მოსამზადებლად”, - აღნიშნულია “ომის შესწავლის ინსტიტუტის” ანგარიშში. მათივე შეფასებით, კრემლის მოჩვენებითი განცხადება 28 ოქტომბერს სამობილიზაციო გაწვევის დასრულების შესახებ ასევე იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა, გააგრძელოს სარეზერვო მობილიზაცია და გაწვევა ერთდროულად”, - დასძენს გამოცემა.

“კრემლის ძალის წარმოქმნის ძალისხმევა დამოკიდებულია მის უნარზე, ჩადოს დრო და მატერიალური რესურსი პერსონალში, ეს მოთხოვნები კი ძლიერ ეწინააღმდეგება იმას, რომ კრემლს გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა არ გააჩნია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში. როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, უკრაინის მაღალჩინოსნები დაპირებებს ერიდებიან ხოლმე, მისი თქმით, ამ ოპტიმიზმის უკან კი არაა გამორიცხული რეალური შესაძლებლობები, ასევე ფსიქოლოგიური გზავნილიც იყოს”, - წერს სტატიის ავტორი.

„ზოგადად, უკრაინის ამ ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება იყოს ზამთრისა და დაბომბვების პირობებში ფსიქოლოგიურად ხალხის შემზადება, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამის უკან რეალურად რაღაც იდგეს. ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთის სიღრმეში აეროდრომებზე რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, ეს მანამდე შეუძლებელი იყო. ეს ტაქტიკურად იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს უკრაინა რუსეთის შუაგულში ამას აკეთებს და თუ ასეთი ტიპის შეიარაღება უკვე აქვს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, სევასტოპოლი და ყირიმი ფაქტიურად მოწყვლადი ხდება. თუ ასეთი ტიპის შეიარაღება აქვს, ან მომავალში მიიღო და რუსეთმა ნახა უკრაინას იმის ძალა შესწევს, რომ არათუ თავი დაიცვას, არამედ ამ ომში გარდატეხა შეიტანოს, ეს უკვე იმის სიგნალია, რომ შესაძლოა მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიების უბრძოლველად დატოვებაც კი მოუწიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ეტყობა ამის რაღაც სიგნალები არის, ქვეყანა რაღაც ტექნოლოგიურ დახმარებას იღებს, რომელსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია. თუ დავაკვირდებით, უკრაინის მაღალჩინოსნები დაპირებებს და მსგავს რაღაცეებს ერიდებიან ხოლმე. ამ ზამთარს უკრაინა უფრო ადვილად გადაიტანს, ის დახმარებები, რაც საზღვარგარეთიდან მიდის, ამაში ხელს შეუწყობს. რუსული დარტყმების მიზანი ისაა, რომ უკრაინის მოსახლეობა გატეხოს, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მიხდეს. ფაქტია, რომ რუსეთი ჩვეულებრივ ომს ვერ იგებს, ახლა უნდა, რომ უკრაინელი ხალხი მორალურად გატეხოს და აიძულოს, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, რასაც უკრაინა არ იზამს. ამიტომაც საჭიროა, რომ ეს ზამთარი როგორმე გადააგოროს ისე, რომ ძირითადი დანაკარგები არ იყოს და გაზაფხულზე უკვე გადამწყვეტი მომენტი დადგება”, - მიიჩნევს კაკაჩია და შეკითხვაზე - “გაყვება თუ არა უკრაინას დასავლეთი ომში ბოლომდე ამავე ტემპით?” - პასუხობს:

“დასავლეთი უკრაინას დაეხმარება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი რესურსებიც ულევი არაა. ასევე, აშშ-იც და სხვაგანაც შესაძლოა შიდაპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს, ამიტომაც ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ამ ადმინისტრაციის შეცვლამ შესაძლოა სიტუაცია გაართულოს. ამიტომაც ზოგიერთი ლიდერი ცდილობს, რომ უკრაინა ზავის პირობებზე დააფიქროს, თუმცა ეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია”

“მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ, მაინც ყველას ესმის, რომ აქ საუბარი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლაზე. თუ დღეს ეს რუსეთს გამოუვიდა, ხვალ ჩინეთი მოინდომებს და საერთდ მთელი მსოფლიო ქაოსში იქნება. რუსეთი ახლა ცდილობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განხეთქილება შემოიტანოს, თუმცა, მიუხედავად ამისა და იმ პრობლემებისა, რომელიც ენერგეტიკის სფეროებში აწყდებიან, ჯერჯერობით ამას ძალიან კარგად უმკლავდებიან, ახლა საკვანძო საკითხია ზამთარს როგორ გადაიტანს როგორც უკრაინა, ისე დასავლეთი. მთავარია, საზოგადოებრივი აზრის მართვას დასავლეთი როგორ მოახერხებს, ისე, რომ ეს აზრი უკრაინის საწინაარმდეგოდ არ შეიცვალოს, ეს თუ მოხდა, მხარდაჭერა გართულდება”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.

რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი

“ქვეყანაში ვირუსების აქტიური გავრცელება განსაკუთრებით შემოდგომის მიწურულიდან დაიწყო და კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ვირუსი ერთად ცირკულირებდეს, გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით კი მოსახლეობისთვის რთულია პირდაპირი განსაზღვრა თუ რომელ ვირუსთან აქვს საქმე. A გრიპის სხვადასხვა ტიპის გავრცელების ზრდას სპეციალისტები სავარაუდოდ დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვარში უფრო ელოდებიან. ინფექციონისტები აღნიშნავენ, რომ რესპირაციული ინფექციებისგან, მათ შორის კოვიდისგან დაცვის საშუალებები მსგავსია - ესაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის ხშირი განიავება და პირბადის გამოყენება სიტუაციის შესაბამისად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში და როგორ დავიცვათ თავი.

“როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” აცხადებს, ზოგადად ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაციის გართულების თავიდან არიდების მიზნით ადამიანებმა თავები დაიცვან, დაცვის საშუალებები კი ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის გამოყენება და რისკჯგუფებისთვის ვაცქინაციაა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ კი განმარტა, რომ ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს - სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა. როგორც ჩხაიძე აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გრიპის ვირუსის მკვეთრი მატება ჯერ დადასტურებული არ არის, ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზამთრის სეზონზე რესპირაციული ინფექციების შემთხვევები იზრდება, რომელიც საკმაოდ ბევრია ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში რამდენიმე ათეული ვირუსი ცირკულირებს. ძირითადად წამყვანი არის 5-6 სახის - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი. ადენოვირუსი და კორონავირუსის ის ფორმები, რომლებიც აქამდე იყო. „ასევე არის გრიპის შემთხვევები, A გრიპის სხვადასხვა ტიპები ძირითადად H1N1 და H3-N2, რომლის შემთხვევებიც ასევე ფიქსირდება, თუმცა, მათი ზრდა სავარაუდოდ დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვარში უფრო მოსალოდნელია. რესპირაციული ინფექციებისგან, მათ შორის კოვიდისგან დაცვის საშუალებები მსგავსია - ესაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის ხშირი განიავება, პირბადის გამოყენება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში (თუ ამის აუცილებლობაა) და პლიუს ამას პირბადის გამოყენება, მაშინ, როცა სიმპტომები ჩვენ თვითონ გვაქვს, რომ დაავადება სხვებს არ გადავდოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“გრიპისგან და კოვიდისგან საკმაოდ ეფექტური თავდაცვის საშუალებები გვაქვს, ესაა ვაქცინაცია. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებია, რომელიც ჩემი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, ესენია: ასაკოვანი ადამიანები, ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ შორის დიაბეტი, გულ-სისხძარღვთა ქრონიკული პათოლოგია და სხვა. თუ ზოგად რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და იმას, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფები ვაქცინაციას ჩაიტარებენ, ამით ხელს შევუწყობთ, რომ ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კუთხით, მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაცია გვქონდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვირუსულ დაავადებათა სიმპტომები, რაც დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს, ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს, ეს შეიძლება იყოს მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. რაც შეეხება რესპირაციულ-ინფექციული ვირუსების გართულებას, ესაა ქვემო სასუნთქის გზების დაზიანება, ვგულისხმობ ბრონქიტის, ან პნევმონიის განვითარებას. ასევე, შესაძლოა გართულდეს სინუსიტებით, ანუ წიაღების ანთებით, ანუ ფრონტიტი, ჰაიმორიტი. რესპირაციული ინფექციებიდან ძირითადად ხშირი გართულებები მოზრდილ ასაკში გრიპს და კოვიდს ახასიათებს. თუ საქმე გართულებასთან გვაქვს და სიმპტომები გახანგრძლივებულია, აუცილებელია, რომ ექიმს დროულად მიმართონ, რათა შესაბამისი მკურნალობა შეირჩეს”, - დაასკვნის ალექსანდრე გოგინავა.

“ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება პირდაპირი განსაზღვრა, თუ რომელია გრიპი, კორონავირუსი და რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას ექიმი სჭირდება. სამივე ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხველა და ყელის ტკივილი. გარკვეული განსხვავებაა ტემპერატურის თვალსაზრისით. კორონავირუსის ამ ვარიანტს არ ახასიათებს ხშირი მაღალი ტემპერატურა. სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

“იაშვილის კლინიკაში, პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში გაზრდილია, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა ხშირი ხდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს”,- დასძინა ჩხაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა