კახა კალაძე - ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს - ოჯახები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე ისინი დღეს ფლობენ

ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები თანხმობის მიღებაზე - ბევრჯერ ყოფილა, როდესაც მოლაპარაკებები ჩაშლილა იმის გამო, რომ ოჯახები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე ისინი დღეს ფლობენ, რისი გაკეთებაც მუნიციპალიტეტს არ შეუძლია - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია ოჯახებს მათ საკუთრებაში უკვე არსებული კვადრატული მეტრის ფართებს გადასცემს, თუმცა, განახლებულს და გარემონტებულს.

„მოლაპარაკებებში ყოველთვის მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა. გვაქვს შემთხვევები და ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ჩაშლილა მოლაპარაკებები იმის გამო, რომ კონკრეტული ადამიანები, ოჯახები ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე ისინი ფლობენ დღეს - მუნიციპალიტეტს ამის გაკეთებაც არ შეუძლია. მზად ვართ, ანალოგიური კვადრატულობის ფართები გადმოგცეთ, სადაც ცხოვრობთ ერთი განსხვავებით, თუ დღეს ავარიულ კორპუსებში ცხოვრობთ, გადმოგეცემათ ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსები იგივე ფართებით, იგივე კვადრატულობით, ოღონდ გარემონტებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამასთან დაკავშირებით არსებობს გამოწვევები, თუმცა ის მუშაობს.

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და უამრავი ოჯახი ელოდება ამ პროგრამის განხორციელებას, რომელიც წარმატებით დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს - ეს არის ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა. არსებობს გარკვეული გამოწვევები, არსებობს პრობლემები თანხმობების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა პროგრამა არსებობს და მუშაობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობა ჩანაცვლდეს ახალი, მოწესრიგებული შენობა-ნაგებობებით“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების კონკრეტულ პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბურთალოს რაიონში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება და იქ მცხოვრებ 17 ოჯახს განახლებული ფართი გადაეცემა.

„ერთ-ერთი პროექტია საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად იქნება დაშლილი. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში 17 ოჯახი ცხოვრობს და უმძიმეს მდგომარეობაშია.

საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალურ, დიზაინ-პროექტის დეტალური საინჟინრო, საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა უკვე განხორციელებულია. გამარჯვებული კომპანიაა „ჯორჯიან ჰაუსი“. საბოლოო პროექტს ველოდებით. ამის შემდეგ ნებართვა გაიცემა და დაახლოებით ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. იქ მცხოვრებ 17 ოჯახს ავარიული საცხოვრებელი ფართების ნაცვლად ახალი აშენებული შენობა-ნაგებობა გადაეცემა გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართებით. ეს არის ჩვენი მიდგომა, რომელიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეტაპობრივად, ყველა ასეთი შენობა ნაგებობის ჩანაცვლება მოხდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს