თამარ გაბუნია - ამ ეტაპზე ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს - სიტუაცია დეკემბრის მესამე-მეოთხე კვირიდან უნდა დასტაბილურდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, სიტუაცია კი დეკემბრის მესამე-მეოთხე კვირიდან უნდა დასტაბილურდეს.

როგორც გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აქტიური გავრცელების შემდეგ, კლინიკებისადმი მიმართვიანობის კუთხით ახლა შედარებით სტაბილური სიტუაციაა.

„გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელება ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. გავრცელება იყო აქტიური. ამ პერიოდში მეტად იყო რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი. ახლა უკვე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის პროპორცია საერთო გავრცელებაში შემცირდა. გამოჩნდა უკვე A ტიპის ვირუსი და ძირითადად, ახლა ცირკულაციაშია A ტიპის გრიპის ვირუსი, სხვადასხვა ქვეტიპებით. ამასთან, ისევ ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური უფრო ნაკლებად. კორონავირუსები ამ განაწილებაში არის დაბალი პროცენტი. A ტიპის ვირუსი არის 11%; A ტიპის H1 არის 8%, H3 არის 19%. მთლიანად გრიპის ვირუსი არის 38%, B ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს, რინოვირუსი არის 8% და დანარჩენი არის სხვადასხვა ვირუსი, ადენოვირუსი და ენტეროვირუსი ძალიან მცირე ოდენობითაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსები მინიმალური ოდენობით ცირკულირებდა.

„გასული ორი წელი იყო განსაკუთრებული, იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის ვირუსები მინიმალური ოდენობით ცირკულირებდა და გასაგებია, რატომაც - ინფექციის კონტროლი იყო მაქსიმალურად გამკაცრებული, პირადი დაცვის საშუალებები, პირბადის გამოყენება და აქედან გამომდინარე, მათი გავრცელების შანსი პრაქტიკულად არ რჩებოდა. წელს ამ ვირუსების რაიმე უჩვეულო შემადგენლობა, ტიპები ან გავრცელების ინტენსივობა, რაც 2019 წელს არ იყო, არაა. ეს არის ჩვეულებრივი ტიპური მიმდინარეობა, რომელიც იყო 2018, 2019 წელსაც და მანამდეც. არცერთი არ არის ახალი ვირუსი. აქ თემა არის ის, რომ ამ ვირუსების გავრცელება უფრო ადრე დაიწყო წელს და შედარებით უფრო სწრაფად გავრცელდა, რადგან იმუნიტეტი ამ ვირუსებთან მიმართებით გასული ორი წლის განმავლობაში მოსუსტდა. თუნდაც ბავშვებს, რომლებიც შარშან, შარშანწინ დაიბადნენ, არ ჰქონდათ ეს ვირუსები გადატანილი, მათ ორგანიზმს უფრო მკვეთრი რეაგირება ჰქონდათ ამ ვირუსებზე, რომლებიც წელს ისევ გამოჩნდნენ აქტიურ ცირკულაციაში.

ეს ტალღა წესით დეკემბერში უნდა წამოვიდეს ქვემოთ. დეკემბერი და თებერვალი არის სეზონური გრიპებისთვის გავრცელების პერიოდი. ჩვენთან წელს რადგან ეს ადრე დაიწყო, ვფიქრობ, რომ უნდა წამოვიდეს და დასტაბილურდეს დეკემბრის მესამე, მეოთხე კვირიდან. უკვე დღესაც, საწყისი აქტიური გავრცელების შემდეგ, შედარებით სტაბილიზაციაა მიმართვიანობის კუთხით. პირველ ეტაპზე, ბევრი ადამიანი მიმართავდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, სასწრაფო გამოძახების მაჩვენებელი მაღალი იყო, ასევე ჰოსპიტალში მიდიოდნენ, ახლა დასტაბილურდა ეს სიტუაცია.

რაც შეეხება ჩუტყვავილას ინფექციას, უჩვეულო მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება