საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ სარჩელს განიხილავენ, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამას ეხება

საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ სარჩელს განიხილავენ, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამას ეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც პროგრამით სარგებლობიდან გამორიცხავს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, საქართველოში შრომითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს.

„კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, შესაბამისი სერვისებით სარგებლობა კი შეუძლია მხოლოდ ამ პროგრამით პირდაპირ განსაზღვრულ პირთა წრეს. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. მათ აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, როგორიც საქართველოს მოქალაქეს. ასევე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების მსგავსად აქვთ დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის უფლება. შესაბამისად, მათი გამორიცხვა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა სიიდან წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანასწორობის უფლების დარღვევას.

საქართველოს სახალხო დამცველი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის რეალურ და გარდაუვალ საფრთხეს.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

დავის საგანია „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო