მიხეილ სარჯველაძე - ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ  საკითხს კუდები უსაფუძვლოდ მიაბეს

ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხს კუდები უსაფუძვლოდ მიაბეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს მოქალაქეობის შეწყვეტის მუქარა უსაფუძვლოდ დააბრალეს.

"ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და უაზროდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა აბსოლუტურად უსარგებლოდ, როცა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამას კუდები მიაბეს სრულიად უსაფუძვლოდ, არავითარი საჭიროება რომ არსებობდა, რადგან თუ რამე სათქმელია, არავინ არავის დაზარდება, რომ ისაუბროს და არავითარი მინიშნება საჭირო არ არის. ითქვა ერთი რამ მარტივად, რომ არ შეიძლება სახელმწიფო იყოს წამხალისებელი მოხალისეების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის და ეს აბსოლუტურად მართებულია, ამას აკეთებს არამარტო ქართული სახელმწიფო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სახელმწიფოები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ლამის საომარ მოქმედებებში, ლამის, ამას ხაზგასმით ვამბობ. ასეთ ვითარებაში, ჩვენი სახელმწიფოც ვერ გამოვა და ღიად ვერ მოუწოდებს ვიღაცას, ვერ წაახალისებს, წადით და იბრძოლეთ რომელიღაც სახელმწიფოშიო. კანონმდებლის მიდგომაა, რომ აჩვენოს და დაასახელა მაგალითად მოქალაქეობის შესახებ კანონი, რომელშიც წერია, რომ მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს ეს ლეგიტიმურად და ეს არავითარ შემთხვევაში საფუძველს არ ქმნის იმისთვის, რომ დააბრალო ვინმეს, რომ ეს მოქალაქეობის შეწყვეტით დამუქრებაა და ა.შ. აბსურდია ეს ყველაფერი.

არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ითარგმნოს და გაიგივებული იქნას კეთილსინდისიერი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ, როცა კითხვებია პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის გადახდას ადამიანისთვის, ვინც მოხალისედ ეწერება და მიდის უკრაინაში საბრძოლველად, ეს ფაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფასებელი რჩება ამ შემთხვევაში პათოსი და კეთილსინდისიერი განწყობები, რომელიც შეიძლება ამოძრავებდეს არაერთ ადამიანს და ძალიან დიდ ნაწილს იქ ჩასული ადამიანებისა,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომლის თანახმად მამუკა მდინარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქემ, რასაც მდინარაძემაც შეურაცხყოფით უპასუხა და აღნიშნა, რომ ის, რის უფლებასაც ეს მოქალაქეები თავს აძლევენ, მიუღებელია.

„რაც შეეხება ამ კამპანიის გაგრძელებას და იმას, რის უფლებასაც თავს აძლევენ ცალკეული ადამიანები, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით რაც იყო, ან რატი იონათამიშვილთან დაკავშირებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველას ვთხოვ მეტ თავშეკავებას და მეტ მოზომილ საქციელს, რომ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ვინმეს პასუხის გაცემის შერცხვეს, სხვას რომ თავი დავანებოთ და პასუხისმგებელი არ აღმოჩნდეს საკუთარი ქმედებებისთვის და საკუთარი სიტყვებისთვის,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, განცხადება იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს ქმნის თავდაპირველად "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მან მოგვიანებით მედიასთან განმარტა, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ვინმეს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება. მისივე თქმით, მოქალაქეობა პირმა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკარგოს, თუ ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ეს პირი სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ირიცხება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონი არ ეხება მოხალისეებს.

"აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს