რუსეთში ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსულ არმიაზე „ფეიკებისთვის” 8.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსულ არმიაზე „ფეიკებისთვის” 8.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza ავრცელებს.
კერძოდ, მოსკოვში მეშჩანსკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ილია იაშინს 8.5 წლით პატიმრობა საერთო რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.
იაშინი რუსულ არმიაზე “ფეიკების” გავრცელებისთვის გაასამართლეს. პოლიტიკოსმა დანაშაული არ აღიარა.
ამას გარდა, სასამართლომ იაშინს სასჯელის მოხდის შემდეგ ოთხი წლით აუკრძალა ინტერნეტით სარგებლობა. პროკურორი იაშინისთვის 9 წლით პატიმრობას მოითხოვდა.
იაშინის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მან ინტერნეტში სტრიმის დროს მოყვა რუსეთის ოკუპაციის დროს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების შესახებ.
პროკურატურის ვერსიით, პოლიტიკოსი “პოლიტიკური ზიზღის მოტივებით აშკარად ცრუ ინფორმაციას” ავრცელებდა, თუმცა “იცოდა”, რომ რუსეთი “მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” ზომებს იღებდა.

























