მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან შეჩერებული იქნება , - ამის შესახებ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსებს პოლიტიკური საბჭოს „ნდობით“ სავსე წევრი გაუძღვება.
წიკლაურის განმარტებით, პოლიტსაბჭოზე იმ შეცდომების გაცნობიერება მოხდა, რომელიც წამოწყებული იყო „ფორსირებული კამპანიას“ შედეგად და ახლა არის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
„პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები მიღებულია ერთსულოვნად, სრული მხარდაჭერით და ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება იმ პაკეტს, რომელიც ნიკა მელიას გუნდის მიერ იქნა წარმოდგენილი. მეორე პაკეტი საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი და ის ადამიანები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში საუბრობდნენ სრულიად სხვა რამეს, დღეს დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილიყო. ერთი მხრივ, ეს არის ძალიან კარგი, რომ მოხდა გაცნობიერება იმ შეცდომების, რომელიც წამოწყებული იყო ფორსირებული კამპანიას შედეგად და ახლა ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ის, რომ მაქსიმალურად იქნას გამოხატული ჩვენი ამომრჩევლის ნება. აი, ეს არის ის გადაწყვეტილება , რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ.
მიმაჩნია, რომ თვითონ პროცესი მოულოდნელი, დასანანი და ძალიან სამწუხარო ნაბიჯით დაიწყო, როცა პარტიის ზურგს უკან გაკეთდა განცხადებები. თითქოს და ახლა ვიღაცას მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებს თუ არ ჩაატარებ, იქნება სხვა პრობლემები. მგონია, ეს იყო პარტიისათვის დამაზიანებელი პროცესი და დღევანდელმა დღემ განსაკუთრებით დაადასტურა და იმ აღიარებამ, რომელიც ჩვენ ჩვენი მეგობრების მხრიდან მოვისმინეთ, რომ არავითარი აუცილებლობა პარტიაში დეზორგანიზაციის შეტანის, პარტიაში დაპირისპირების სულისკვეთების გაჩენის არ არსებობდა. ესე იგი არსებობდა რესურსი, რომ ჩვენ მოგველაპარაკა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ხედავთ უარყვეს ყველა თავისი პოზიცია, რომელიც ჰქონდა არჩევნების წესთან დაკავშირებით. ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობდნენ. სხვა პოზიციაზე გადმოვიდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კარგი და მისასალმებელი, თუმცა ამავე დროს ის გარემოება, რომ მთელი თვის თუ მეტის განმავლობაში, ეს ტურბულენცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ნაბიჯი, ჩვენი მეგობრების იყო უპასუხისმგებლო და ვერაფრით ვერ მოემსახურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, პირიქით დააზარალა ჩვენი გუნდის ინტერესები. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, რახან ახლა მოხდა ასეთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანია.
მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებდა პარტიის გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან შეჩერებული იქნება. პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ საარჩევნო კამპანია იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა მხარის და სხვადასხვა პოზიციები გვაქვს, ასე თუ შეიძლება ითქვას. რახან პეტრესაც ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ გამოხატული ჰქონდა ინტერესები და ამავე დროს გარკვეულ რესურსებს ფლობდა ამისათვის. იმიტომ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ნეიტრალიტეტი, მეტი გამჭვირვალობა იყოს, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო. სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის მიმართ არსებობს სრული ნდობა და კონსენსუსი“, - განაცხადა წიკლაურმა.