ხათუნა ბურკაძე  - პროაქტიული საგარეო პოლიტიკით პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას შევძლებთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე სერიოზული ცვლილებებია მომხდარი საერთაშორისო ურთიერთობებში და გააქტიურებულია საუბრები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ახალი სისტემა.

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აშშ შავ ზღვასთან დაკავშირებით სტრატეგიას შეიმუშავებს.

ამ თემაზე სენატორმა რომნიმ განაცხადა -"შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს სტრატეგია და წარმოდგენილი უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონში". სენატორ შახინის თქმით, - "შავი ზღვის რეგიონში შეერთებულ შტატებს სჭირდება კომპლექსური სტრატეგია დღევანდელი პრობლემების გადასაწყვეტად და მომავალი გამოწვევებისადმი მოსამზადებლად".

ანალოგიური მსჯელობებია გააქტიურებული ევროკავშირშიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკრაინის ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალი სისტემის შესაქმნელად ემზადება, რომელშიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მონაწილეობა გარდაუვალია.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, თქვენი ინფორმაციით, შავ ზღვასთან დაკავშირებით ნატოს, აშშ-სა და ბრიუსელის გეგმებში სავარაუდოდ, როგორი ფუნქცია და როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?

- შავი ზღვის რეგიონი რუსეთის აგრესიული მოქმედებების განხორციელების არენად იქცა. რუსეთის ფედერაციის განგრძობადი, უკანონო, არაპროვოცირებული და ძალადობრივი მოქმედებები მიზნად ისახავენ ე.წ. გავლენის სფეროების გაფართოებასა და რეგიონში კონტროლის ბერკეტების მოპოვებას. ეს წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ევროპული, ევროატლანტიკური სივრცისა და მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიულმა ომმა ცხადყო, რომ 24 თებერვლის შემდგომი მსოფლიო სხვაგვარი იქნება. ახალ საერთაშორისო წესრიგში სათანადო ადგილის მოსაპოვებლად აუცილებელია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის როლის გამოკვეთა.

ახალ საერთაშორისო წესრიგში სათანადო ადგილის მოსაპოვებლად აუცილებელია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის როლის გამოკვეთა

ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან ერთად აქტიურად უნდა ჩავერთოთ შავი ზღვის რეგიონის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს თავდაცვითი სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფას, საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ეკონომიკურ კონტექსტში მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები სატრანსპორტო და სატრანზიტო გზების გასავითარებლად, რაც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველიც გახდება.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონი საინტერესოა სხვადასხვა დარგობრივი განზომილების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური მიმართულებებით.

შესაბამისად, პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებელია მასშტაბური პროექტების განვითარება და განხორციელება, რომელთა შედეგად გვექნება თანამედროვე სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენს სატრანზიტო როლსა და მნიშვნელობას მეტად გააძლიერებს და უსაფრთხოების კომპონენტთან ერთად საქართველოს მისცემს შესაძლებლობას თავისი ინტერესები საერთაშორისო არენაზე უკეთ დაიცვას.

- 29-30 ნოემბერს ნატოს მინისტერიალი გაიმართა. მასზე ბევრი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა უკრაინა-რუსეთის ომზე, ალიანსის სამომავლო გეგმებზე. ნატოს სამიტმა რა ახალი პერსპექტივები გაუჩინა საქართველოს?

- ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ შეთანხმდნენ.

მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების მე-4 პუნქტში აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ნატო-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ალიანსი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების მე-4 პუნქტში აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ნატო-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ალიანსი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული, სამხედრო მოქმედებები უკრაინაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

ნატო-ს წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარების, მხარდაჭერის გაგრძელება, მათ შორის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

- „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით - „ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები ისეთი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყენა საქართველომ თავისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ შეიქმნა?

- 2022 წლის 29-30 ივნისს გამართულ ნატო-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში საქართველომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის დახმარების ახალი პაკეტი მიიღო, რაც გულისხმობს პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამავე სამიტზე მიღებული ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიხედვით კი, ალიანსი კრემლის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს.

დღევანდელ ურთულეს რეალობაში, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფისათვის, ერთი მხრივ, აუცილებელია ნატო-საქართველოს შორის მოქმედი მექანიზმების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ ალიანსისათვის იმ წინადადებების შეთავაზება, რომლებსაც ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობა ექნებათ.

დღევანდელი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის ახალი ინიციატივის ან პრაქტიკული მექანიზმის შექმნის თაობაზე წინადადების შეთავაზებას ექნება როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა.

აღნიშნული პროცესი უნდა იყოს შესაბამისი მოსამზადებელი ეტაპი ნატო-ს 2023 წლის ვილნიუსის სამიტისათვისაც, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას.

- უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, როცა რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, საინფორმაციო ომია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით, კოლექტიური დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, რომელშიც საქართველოც ჩართულია. უკრაინა-რუსეთის ომმა კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების რა შესაძლებლობები შექმნა და ჩვენ ამ თვალსაზრისით რისი გაუმჯობესება შევძელით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად?

- საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან გავაღრმაოთ თანამშრომლობა ერთობლივი ინსტიტუციური მექანიზმის გასავითარებლად, რაც გაადვილებს კიბერ სივრცეში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას.

მით უფრო იმ ფონზე, რომ კიბერ სივრცე არ არის კონკრეტული გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრებით შემოფარგლული.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ჰიბრიდულმა დესტრუქციულმა მოქმედებებმა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის საჭიროება.

ეს უწყებების, ორგანიზაციების მიერ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების განხორციელებას მოითხოვს, მათ შორის გულისხმობს დაცული ტექნოლოგიების დანერგვას, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და დაცვის მაღალი სტანდარტების განვითარებას.

დღევანდელ ურთულეს რეალობაში, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფისათვის, ერთი მხრივ, აუცილებელია ნატო-საქართველოს შორის მოქმედი მექანიზმების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ ალიანსისათვის იმ წინადადებების შეთავაზება, რომლებსაც ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობა ექნებათ

ამასთანავე, ამ კონტექსტში აუცილებელია, ვიფიქროთ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტულ მიმართულებას როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ამ თვალსაზრისით, პარტნიორებისგან მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ და გავზარდოთ დახმარების პაკეტის მოცულობა, მათ შორის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის ჩათვლითაც.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნა, რომელიც საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ საფრთხეების მიმართ. ასევე, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ერთობლივი კიბერ წვრთნების, ტრენინგების და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელების გაგრძელება.

- ვითარებაში, როცა სათანადოდ არ ხდება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გაანალიზება, ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი უკრაინას რუსეთზე გასამარჯვებლად ეხმარება, პარლამენტი კი მუშაობს ევროპული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ ჯერჯერობით დიდი წინსვლა არ გვაქვს, ასეთი მდგომარეობა რამდენად რეალურად ასახავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე საუბრებს?

- პრაგმატული, ფრთხილი მიდგომების მიხედვით მოქმედება აუცილებელია, რათა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები დავიცვათ, მაგრამ ეს, ამავდროულად, გულისხმობს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ახალი ინიციატივების შემუშავებას, პარტნიორებისათვის შეთავაზებას და მათი მხარდაჭერის გაზრდით საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებას.

პროაქტიული საგარეო პოლიტიკა ხელს უწყობს ქვეყნის როლის, ფუნქციის გამოკვეთას და ურთიერთსაჭიროების განსაზღვრას, რასაც დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკა ეფუძნება.

მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნა, რომელიც საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ საფრთხეების მიმართ. ასევე, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ერთობლივი კიბერ წვრთნების, ტრენინგების და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელების გაგრძელება

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ურთულესი გარემო სათანადოდ გავაანალიზოთ. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით „უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება ნატო-სა და რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზარდოს“.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით კი ის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინს თავის იმპერიალისტურ გეგმებზე უარის თქმა შეუძლია და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდა საჭიროა. ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ხედავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრა სურს.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, ქვეყნის შიგნით არსებული პოლარიზაცია აფერხებს არა მხოლოდ საქართველოს წინსვლას, არამედ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფა ეროვნულ თანხმობას მოითხოვს.

ეროვნული თანხმობის საფუძველზე შემუშავებული ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგი და მის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობენ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რომელიც ჩვენი ევროპული, უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია.

დღეს ქართულ პოლიტიკას გამაერთიანებელი ლიდერები სჭირდება, რომლებიც საგნობრივი დისკუსიების წარმართვით როგორც მხარდამჭერებს, ასევე ოპონენტებს პასუხისმგებლობათა გადანაწილების აუცილებლობაში დაარწმუნებენ. ეს კი პოლარიზაციის შემცირებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

შიდა დაპირისპირებებს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების ისტორიული შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ თავად ვიბრძოლეთ

შიდა დაპირისპირებებს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების ისტორიული შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ თავად ვიბრძოლეთ.

საერთო წარმატების მისაღწევად ერთიანი ძალისხმევა გვმართებს. პროცესის მონაწილე ყველა მხარემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს, რათა მოწყვლად გარემოში შევძლოთ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მეტ ხელშესახებ შედეგს მივაღწიოთ როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს