პროფკავშირების დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ყრილობა გაიხსნა. პროფკავშირების გაერთიანება ორი დღის განმავლობაში - 12-13 დეკემბერს, დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ყრილობასა და საერთაშორისო კონფერენციას გამართავს თემით: „გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმები - მშვიდობა და მდგრადი განვითარება - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 30 წლისაა“.
პროფკავშირების გაერთიანების პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას 40-მდე საერთაშორისო სტუმარი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ყრილობაზე გაიმართება ფილმის - „საქართველოს პროფკავშირები 30 წლისაა“ ჩვენება, რის შემდეგაც, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრებს.
„პროფკავშირების საქმიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის და საუკეთესო სოციალური პარტნიორობისთვის, გაერთიანების თავმჯდომარე: პროფკავშირების ღვაწლმოსილ წევრებს, საუკეთესო სოციალურ პარტნიორ ორგანიზაციებს, საუკეთესო კოლექტიური ხელშეკრულების დამდებ ორგანიზაციას და მედია სფეროს წარმომადგენლებს - ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს დააჯილდოებს.
დღის მეორე ნახევარში გაიმართება ყრილობა და დამტკიცდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მიღებული იქნება მანიფესტი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.