პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოუცხადა უნდობლობა - ეს არის ფარსი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ გააძვრინოს მისთვის სასურველი კანდიდატი

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოუცხადა უნდობლობა - ეს არის ფარსი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ გააძვრინოს მისთვის სასურველი კანდიდატი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია „ქართული ოცნების“ არგუმენტაცია ანა აბაშიძესთან დაკავშირებით, ასევე განცხადებები გიორგი ბურჯანაძეზე მიუთითებს, რომ პროცესი ფარსია.

„სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოუცხადა უნდობლობა. „ქართულ ოცნებას“ რომ უნდოდეს დამოუკიდებელი, პროფესიონალი კანდიდატის შერჩევა, იმ კარგ პრაქტიკას, რომლითაც მოხდა თავის დროზე უჩა ნანუაშვილის, ნინო ლომჯარიას არჩევა, არ შეცვლიდა. შემდეგ მოიგონეს თითქოს „ბელგრადის წესები“, რომელიც სჭირდებათ სინამდვილეში იმისათვის, რომ გააძვრინონ მათთვის სასურველი კანდიდატი. ძველი წესების შესაბამისად იცით, რომ დასახელებულია კანდიდატები ჩვენს მიერ, თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი, დღესვე შეგვიძლია შეთანხმება და ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ დავუჭერთ ამ კანდიდატებს მხარს. წინაპირობების წამოყენება ძალიან ცუდია, მე მესმის არგუმენტაცია ნაზი ჯანეზაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი, რას ეფუძნება აბაშიძის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში რჩება ერთი კანდიდატი - გიორგი ბურჯანაძე და შესაძლებელია მასთან დაკავშირებით კონსენსუსი. თუ „ქართული ოცნება“ გამორიცხავს ჯანეზაშვილს, აბაშიძეს და ვნახეთ განცხადებებიც ბურჯანაძეზე, სადაც თქვეს, პოლიტიკოსია ბურჯანაძე და მდიდარი „ენჯეოების“ დასახელებული კანდიდატები არიანო, სწორედ ამ პროცესს გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უნდობლობა, ეს არის „ბელგრადის წესებით“ წამოწყებული ფარსი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ გააძვრინოს მისთვის სასურველი კანდიდატი.

ჩვენ კარგი პრაქტიკის შესაბამისად დასახელებული კანდიდატის შერჩევას ვითხოვთ. ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო დარჩა - სახალხო დამცველი, რომელსაც ვერ აკონტროლებს "ქართული ოცნება" და თუ მოხდა ისე, რომ შეძლებენ თავის კანდიდატის გაძვრენას, ყველა კონსტიტუციურ ორგანოზე ტოტალური კონტროლი ექნება ხელისუფლებას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება.

მისივე თქმით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო