ანა აბაშიძე - მწამს, რომ არსებობენ პროფესიონალი, ჩემპიონი მოსამართლეები, რომლებზეც გავლენას ვერავინ მოახდენს - სასამართლო სისტემაში არიან ადამიანები, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ!

მწამს, რომ არსებობენ პროფესიონალი, ჩემპიონი მოსამართლეები, რომლებზეც გავლენას ვერავინ მოახდენს - სასამართლო სისტემაში არიან ადამიანები, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ! - აღნიშნული შეფასება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ გააკეთა.

ამასთან, აბაშიძის თქმით, ადამიანი შეიძლება ჩემპიონი იყოს და მასზე ვერანაირმა ცხადმა ზეწოლამ გავლენა ვერ მოახერხოს, მაგრამ საშუალო სტატისტიკურ მოსამართლეზე, რომელსაც შეიძლება უფლებამოსილების შეჩერება, ხელფასის შეჩერება, ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანა და სხვა იმ ბერკეტის გამოყენება დაემუქროს, რაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია სურვილის არსებობის შემთხვევაში, ზეწოლის მოხდენის რისკები არსებობს.

სწორედ ამ კონტექსტში აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია გარკვეული ძალაუფლების მქონე ჯგუფებზე, რომელთაც წარსულით დაგვაჯერეს, რომ აქვთ ძალაუფლება, რომელიც ხშირად ქვეყნისა და მოქალაქეების სასიკეთოდ გამოყენებული არ არის. აბაშიძის თქმით, ის “ადამიანების გაქრობისა და ჩაქვესკნელების მომხრე არ არის“, მაგრამ მათ ხელში ძალაუფლების კონსოლიდირების წინააღმდეგია.

“გავლენიანი ჯგუფები, კონკრეტული სახელებისა და გვარების გარეშე, ნიშნავს ადამიანთა ჯგუფებს, რომლებსაც ფორმალურად აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ ძალაუფლება მათ ხელში იყოს კონცენტრირებული. სახელები და გვარები წლიდან წლამდე შეიძლება იცვლებოდეს - ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს და სურვილის შემთხვევაში, გავლენიან ჯგუფში ნებისმიერი ადამიანი გავლენის მქონე გახდება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ოდიოზური ფიგურები - ამაზე მათი წარსულიდან გამომდინარე არავინ ვიკამათებთ, მინიმუმ მორალურ ნაწილში ალბათ არ უნდა ვიკამათოთ, თუ რატომ აქვს კითხვები საზოგადოებას კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რომ გვერდით გადავდოთ - ფორმალურად აქვთ თუ არა ამ ჯგუფებს ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა? - ჩემი აზრით აქვთ! მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ ისინი აუცილებლად იყენებენ დისციპლინური დასჯის შესაძლებლობებს, მაგრამ ვერც თქვენ მეტყვით, რომ გარანტირებულია არგამოყენება. იქ არის დისციპლინის პროცედურა, მოსამართლის გამოსაცდელი ვადით შეფასება, როგორ წინაურდება მოსამართლე, როგორ ხდება მისი ტრანსფერი... ყველა სისტემური გადაწყვეტილება იმ კომპოზიციით რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოშია, ზუსტად იმ ჯგუფებს შეუძლია გამოიყენოს ისე, როგორც მას სურს“, - განაცხადა ანა აბაშიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის აზრით, აუცილებელია საბჭოს ყველა წევრს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდეს და მისი სიტყვა ღირებული იყოს.

“გადაწყვეტილების მიღების წესები იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ ყველას ხმა ღირებული იყოს“, - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს - ანა აბაშიძეს, თამარ მახარობლიძეს, როინ მიგრიაულს, ლია მუხაშავრიას, ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს მოუსმენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო