საქპატენტმა ღვინოს „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა ღვინოს „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„განსაკუთრებული ქართული პროდუქტებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას საქართველოში საქპატენტი ახორციელებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.

ღვინის „ოკამი“ ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაციაზე მუშაობა 2022 წლის 13 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქპატენტს აღნიშნული მოთხოვნით „ეთნო ოკამმა“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობამ მიმართა. „ოკამი“ თეთრი ან წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონაში, შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში მოწეული ყურძნის ჯიშებიდან -„ოკამი“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ჩინურის და/ან გორული მწვანეს ჯიშის ყურძნიდან, ხოლო „ოკამი“ წითელი მხოლოდ შავკაპიტოს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. პროდუქტის დამზადების მთლიანი ციკლი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოკამის მიკროზონის საზღვრებში, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის 17 სოფელს მოიცავს. ეს მიკროზონა გამოირჩევა მშრალი სუბტროპიკული ჰავითა და ხელსაყრელი ნიადაგების სტრუქტურით, რაც განაპირობებს ღვინის განსაკუთრებულ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ღვინოების დაყენების ადგილობრივი მეთოდების დახვეწასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ივანე მუხრანბატონს, რომელმაც მე 19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. უკვე 1965 წელს კი, თენგიზ კეკელიძის ხელმძღვანელობით, ოკამის ღვინის ქარხანა გაიხსნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქპატენტის ცნობით, ოკამისათვის ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების ცერემონია 2022 წლის 12 დეკემბერს გაიმართა.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურ დირექტორს ლაშა ბოდაველს, რეგისტრაციის მოწმობა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ გადასცეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება გაზრდის ღვინოზე მოთხოვნასა და მის ფასს, რაც გამოიწვევს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას.

ამ დროისათვის, „ოკამთან“ ერთად, საქპატენტის მიერ სულ რეგისტრირებულია საქართველოში დაცული 64 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება, რომელთა შორისაა ღვინის 28 ადგილწარმოშობის დასახელება. საქპატენტი უახლოეს მომავალში, საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განაცხადს გააკეთებს ადგილწარმოშობის დასახელების „ოკამი“ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის მინიჭების მოთხოვნით. განსაზღვრული პროცედურების ჩატარებისა და დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, ინფორმაცია ახალ დაცულ პროდუქტებზე განთავსდება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ბაზაში. ასევე, ახალი სახელები ჩაიწერება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის რეესტრშიც, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, რომლის წევრიც არის საქართველო 2004 წლიდან. საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე განახორციელებს შესაბამის ზომებს, უკრაინის, შვეიცარიის კონფედერაციის და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზეც, საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო