ადვოკატის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს არის ჩანიშნული, ქართველი და უცხელი ექსპერტები გამოიკითხებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს არის ჩანიშნული ქართველი და უცხელი ექსპერტები გამოიკითხებიან. ამის შესახებ მისმა ინტერესების დამცველმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ოთხშაბათს საზოგადოებისთვის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დიაგნოზების შესახებ ცნობილი გახდება.

,,ჩვენ შევათანხმეთ მიხეილ სააკაშვილთან იმ პირთა სია, რომლებიც ოთხშაბათს სასამართლო განხილვის დროს გამოიკითხებიან. ესენი არიან: ორი ქართველი - მარიამ ჯიშკარიანი და ოთარ თოიძე, ერთი უცხოელი ექიმ-სპეციალისტი, ექსპერტი. ასევე, უცხოელი ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლსმიტი. მას შესრულებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, მან მიხეილ სააკაშვილი გამოიკვლია. ჩამოსული იყო, პირადად ნახა და შეიმუშავა დასკვნა, რომელიც წარმოდგენილი არის სასამართლო სხდომაზე და ამ მტკიცებულებას გამოიკვლევენ 14 დეკემბერს.

14 დეკემბერს გაჟღერდება კონკრეტული დიაგნოზი და ის, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე თავად გოლსმიტი სასამართლოს განმარტებებს მისცემს.

ერთ-ერთი დიაგნოზი, რის გამოც ვითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის გოლსმიტის მიერ დასმული. ბატონი გოლსმიტის მიერ გამოკვლეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი, მან თავის დასკვნაში ძალიან დეტალურად ასახა მესამე პრეზიდენტის ავადმყოფობა, ამიტომ სწორედ მისი დასკვნის საფუძველზე დაცვის მხარემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ, თუმცა არა მხოლოდ გოლსმიტის, არამედ სხვა ექიმ-ექსპერტების გაცემული დასკვნის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ გოლსმიტის გამოკვლეული და დასკვნაში ასახული დიაგნოზი არის მთავარი, რის საფუძველზეც დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა.

14 დეკემბერს გასაჯაროვდება დიაგნოზები და ამ დასკვნის ავტორები, ჩამტარებლები პირები, რომლებმაც დადეს აღნიშნული დასკვნა. სასამართლო განხილვის დროს დაცვის მხარე, ასევე გააჟღერებს პროცესი იყოს დახურული თუ საჯარო.

მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე თანახმაა სასამართლო საჯარო იყოს. არ ვიცით, ოთხშაბათს მას როგორი პოზიცია ექნება. რაღაც საკითხებთან მიმართებით, შეიძლება შეიცვალოს პოზიცია, მაგრამ როგორც ჩვენ, ისე მიხეილ სააკაშვილს სურვილი გვაქვს, რომ ხსენებული დიაგნოზები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები იყოს საჯარო” , - განაცხადა ილია ლომიამ.

ლომიას თქმით, 13 დეკემბერს ცნობილი გახდება პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს თუ არა სააკაშვილის ჩართვას დისტანციურ რეჟიმში.

,,თუ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად წარმოდგენა სასამართლო განხილვის დროს ვერ მოხერხდება, მას სურვილი აქვს დისტანციურად, ლაივ-რეჟიმში საქმის განხილვის პროცესში ჩაერთოს.

13 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებისგან მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, ტექნიკურად უზრუნველყოფენ თუ არა სააკაშვილის ჩართვას დისტანციურ რეჟიმში”, - განაცხადა ილია ლომიამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა