ბადრი ჯაფარიძე - ღარიბაშვილმა სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო - მისი, ალბათ, „ქოსატყუილასაც“ კი შეშურდებოდა

კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს აუცილებლად მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წასვლის შემდგომ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამ პროექტის განხორციელებას არც არასდროს აპირებდა, - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ანაკლიის პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძემ ღარიბაშვილის განცხადებას, სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

„ის, რომ დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო და მისი ალბათ, შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირ, ქოსატყუილასაც კი, ტყუილის მასშტაბიდან გამომდინარე.

სინამდვილეში, ანაკლიაში ინვესტირებულ იქნა 75 მლნ დოლარი, რაც დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, ციფრი და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია. პრემიერ-მინისტრს თავი უნდა შეეწუხებინა და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას - ეს არის ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მლნ და არა 75 მილიონი.

მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, თითქოს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 3 მილიონის ინვესტირება განახორციელეს, სინამდვილეში ეს 40 მლნ დოლარის ინვესტირებაა, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია და იქ დევს“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მისი თქმით, ის, რომ დღეს, ანაკლიაში მცხოვრებ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი იმის გამო, რომ ტერიტორია გაპარტახებული და იქ სრული განუკითხაობაა, ეს ხდება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით, რადგან სამი წლის წინ ინვესტორს 75 მლნ დოლარი ჩამოართვეს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

„არამხოლოდ ჩამოართვეს 75 მლნ დოლარი ინვესტორებს, არამედ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძისა და ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლო და პროკურატურაში განუწყვეტელი ტარება სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი რეპუტაცია შელახულიყო, რათა თავის დროზე გაეჩერებინათ ანაკლიის პროექტი. ამ ყველაფერმა ჩვენ ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზიანი“ , - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვიდან, რომელიც მან გააჟღერა, კიდევ ერთი გამორჩეული ტყუილი იყო ის, რომ თითქოს თავის დროზე კონსორციუმი სახელმწიფოსგან გარანტიას ითხოვდა და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობდა.

„სინამდვილეში სიმართლე არის შემდეგი: მაშინ მე შეხვედრა მქონდა ევროკავშირის კომისართან. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ევროკავშირი ანაკლიის პროექტისთვის 50 მლნ ევროს გარანტიას უზრუნველყოფდა, ოღონდ, თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონის გარანტიას და თუკი ინვესტორი, ანუ ჩვენ უზრუნველვყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით, მთავრობამ უარი თქვა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, დღეს კი სანაცვლოდ ვისმენთ იმას, რომ თურმე ახლა სახელმწიფო ჩადებს პროექტს, ანუ ანაკლიაში 5-ჯერ მეტ ინვესტიციას განახორციელებს იმ დროს, როდესაც 50 მილიონის გარანტიაზე უარი თქვა და უარი უთხრა ევროკავშირის წინადადებას და ასევე, სხვებს.

„რა თქმა უნდა, არცერთი რეპუტაციული ინვესტორი ამ მთავრობასთან არცერთ ერთობლივ პროექტს არ განახორციელებს, რადგან ამ მთავრობამ გამოიჩინა თავი, რომ მას შეუძლია თანხა წაართვას ინვესტორს. ეს იყო სწორედ ის, რაც მოხდა სამი წლის წინ“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება არბიტრაჟში დავას, მისი განმარტებით, ღარიბაშვილმა ამ ნაწილშიც დიდი ტყუილი თქვა.

„კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს აუცილებლად მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წასვლის შემდგომ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ამ პროექტის განხორციელებას არც არასდროს აპირებდა და ის განცხადება, რომელიც დღეს ღარიბაშვილმა გააკეთა, თითქოს მთავრობა პროექტში ამ უზარმაზარი თანხის ინვესტორების განახორციელებს, ეს არის თვალებში ნაცრის მორიგი შეყრა, იმ ზიანის როგორმე გადაფარვა, რომელიც მიადგა ჩვენ ქვეყანას, თითოეულ ქართულ ოჯახს იმის გამო, რომ არ განხორციელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა