ალეკო ელისაშვილი - ღარიბაშვილისთვის რომ მოგესმინა, მოგინდებოდა მაგ საქართველოში ცხოვრება, ნერწყვი მოგადგებოდა, თურმე გადაყვავებულია ქვეყანა - უნდათ ვარდისფერი სათვალე გაგვიკეთონ

ღარიბაშვილისთვის რომ მოგესმინა, მოგინდებოდა მაგ საქართველოში ცხოვრება, ნერწყვი მოგადგებოდა, თურმე ყვავის ქვეყანა, გადაყვავებულია უკვე , - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ხალხს „ვარდისფერი სათვალე“ გაუკეთოს.

„ჯიბეში ხელს რომ ჩაიყოფ, ან მაცივარს გამოაღებ, შიგნით ობობის ქსელი რომ გაქვს და შეიძლება სამი თვე, ან ძალიან დიდი ხანია ხორცი აღარ ყოფილა, რაც არ უნდა ღარიბაშვილი მელაპარაკებოდეს, მაცივარი გაქვს გამოტენილიო, მე არ ვიცი იქ რა არის? - ჯიბეში ხელს ჩავიყოფ და ხურდები ჩხრიალებს. არაფრის ფული რომ არ აქვს ხალხს საახალწლოდ, როგორ უნდა დამაჯეროს ღარიბაშვილმა, რომ მდიდარი ვარ, როცა არ ვარ მდიდარი. მე რა საქართველოშიც ვცხოვრობ, იქ ძალიან უჭირს ხალხს. ღმერთმა ქნას, რა ფერად და ლაჟვარდოვან საქართველოსაც ხატავდა ღარიბაშვილი, მასეთში მომასწრო და მაცხოვრა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვარდისფერი სათვალე უნდათ, რომ გაგვიკეთონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი „გაბოროტებული და დაბოღმილი აქტივისტის“ როლიდან ვერ გამოდის და ყოველი სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას ლანძღავს.

„ღარიბაშვილი ვერ გამოდის გაბოროტებული და დაბოღმილი აქტივისტის როლიდან. ვისურვებდი, რომ მთავრობის სხდომა იქნება, პარლამენტში გამოსვლა, თუ საჯარო გამოსვლა, ერთხელ მაინც ისე დაამთავროს პრემიერ-მინისტრმა, რომ ოპოზიცია არ გალანძღოს. ხომ შეიძლება ისე ილაპარაკო, რომ თითი არ გაიშვირო და ზიზღი არ გამოსჭვიოდეს და სულ ასე ნიშნის მოგებით არ ლაპარაკობდე?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გარდა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე და წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების დაანონსებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სააკაშვილს არაფერი დაემართოს, თუმცა პარტია „მოქალაქეები“ მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება.

„კი ბატონო, ერთმნიშვნელოვნად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს არაფერი არ უნდა დაემართოს და ყველაფერი უნდა გააკეთონ ამისთვის, მაგრამ არც აქციების შეერთებას ვაპირებ, არაფერს არ ვაპირებ და ეს ბაქი-ბუქი საშინლად არ მომწონს. ზაფხულში რომ გამოვიდნენ ზოგიერთნი და „აი, ცხელი შემოდგომა, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო“ - არ გვინდა ეს ბაქიბუქი, რადგან საერთო ჯამში გამოდის, რომ ვერაფერს თავს ვერ აბამენ და ამით ძლიერდება ისევ „ქართული ოცნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო ფრენების აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგია.

„როგორც ჩანს, რუსი დეზერტირები გვაკლია და პირდაპირ თვითმფრინავითაც უნდა გამოზიდონ. რაში გვჭირდება ეს ხალხი, ერთი გამაგებინეთ.... არ არსებობს ლიბერალი, დემოკრატი რუსი, ყველა რუსი არის იმპერიალისტი. განსხვავება არის ის, რომ ზოგი ცოტა იმპერიალისტია, ზოგი ძალიან იმპერიალისტი. შეხედეთ ლატვიამ და ლიეტუვამაც დახურა „დოჟდი". ვითომ სუპერლიბერალური არხია და უკან გეორგიევსკის ლენტები ჰქონდათ ჩამოკიდებული.

არანაირი პირდაპირი ფრენა არ გვინდა, პირიქით. აქ რომ რუსები ბაირამობენ და სავიზო რეჟიმი რომ არ ეხებათ, იმათ უნდა დავუწესოთ სავიზო რეჟიმი, რადგან აქ ჩამოსული 100 ათასობით რუსი რეალურად არის პრობლემა. 100-200 ათას რუს მეხუმრებით? - ბათუმში ჩახვალ და ქართველი დადის ორი ცალი კაცი, რუსებით არის გადავსებული. უბრალოდ ჩამოსულები კი არ არიან, ქონება აქვთ ნაყიდი. რომელი აგენტია, რომელი ძირგამომთხრელია და რომელი რა არის, ღმერთმა უწყის. შეიძლება ყოველი მეათე იმ ქვეყნიდან იყოს, რომელიც დამპყრობელია? - ქართლში და აფხაზეთში ავტომატიანი რუსები დგანან, აქეთ უავტომატო რუსები, რომლებიც სულის სიღრმეში იმპერიალისტები არიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო