პროფესიული უნარების სააგენტომ წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
პროფესიული უნარების სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მიზანი სააგენტოს ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შეჯამება იყო.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
„პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 2021 წელს ჩვენმა გუნდმა სისტემაში უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელი დანერგა - საჯარო-კერძო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს. აღნიშნული ინოვაციური მოდელის დანერგვით, ახალი სტრატეგიითა და მიზნებით სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისკენ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
„ევროკავშირი წლებია მუშაობს საქართველოში პროფესიული განათლებისა და სწავლების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახლად დაარსებულ უნარების სააგენტოს. ჩვენი ვალდებულების ერთგული ვრჩებით - დავეხმაროთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს განავითარონ თავიანთი უნარები. მთავრობის და ასევე, კერძო სექტორის მიერ გამოხატული მხარდაჭერით, გვჯერა, უნარების სააგენტო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაში”, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, გადაწყდა ბიზნესის მონაწილეობა პროფესიული განათლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში. უკვე სახეზეა ბიზნეს სექტორის სხვადასხვა დონის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში, რაც წარმატებული რეფორმის დასაწყისია”, - განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.
პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს ერთი წლის საქმიანობის შედეგები წარუდგინა, გამოკვეთა მნიშვნელოვანი მიღწევები, ხაზი გაუსვა პარტნიორობის მნიშვნელობას და პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
„სააგენტოს ერთწლიანმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეფორმას სწორი გეზი აქვს აღებული, პარტნიორობა და კვლავ პარტნიორობაა წარმატების მთავარი ფაქტორი. უნარების ეკოსისტემაში ჩართული ყველა მხარის მიზანმიმართულმა თანამშრომლობამ მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბიზნეს სექტორის როლის განმტკიცებამ, უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი. სააგენტოს სწრაფი სტარტი იმ დიდი მხარდაჭერის და საერთო ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენი დამფუძნებლების, კერძო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უნარების ეკოსისტემის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს -სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
„პირველი პანელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის, მაგდა ბოლოთაშვილის მოდერაციით წარიმართა. პანელის ძირითადი თემა იყო - „უნარები ეკონომიკის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა, უნარების ეკოსისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარებისთვის, საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, სააგენტოს საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაფასეს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოკვეთეს.
მეორე პანელი, რომელიც უნარების განვითარებაში სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობას ეხებოდა, სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის, თამარ სამხარაძის მოდერაციით წარიმართა. პანელზე მსჯელობისას, ხაზი გაესვა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სერვისების შესახებ,
რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფის განათლებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად ინერგება. პანელის მონაწილეებმა ასევე, თანამშრომლობის ახალ ხედვებზე იმსჯელეს, რომელიც დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის, „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.