„ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარეობის ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს, რაც ძალიან კარგია - საზოგადოება ამას დაინახავს და არჩევანს გააკეთებს ამ სრულ სიბნელესა და სინათლეს შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" რაც მეტი განხეთქილება, ქაოსი იქნება, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში.
კობახიძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან სუსტდება და ეს კარგია იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ჩვენთვის ვერ იქნება ეს განსაკუთრებით საინტერესო მოვლენა, საკუთარ პარტიაში რამდენი რიგგარეშე არჩევნებიც უნდათ, იმდენი ჩაატარონ. რაც ხდება ზოგადად ამ პარტიაში, არის საოცრება - გუშინ წინ დატოვა ამ ადამიანმა [ნონა მამულაშვილმა] პარტია და ახლა თავმჯდომარის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. სრული ქაოსია, რაც ძალიან კარგია. კარგია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია. რაც მეტი განხეთქილება, ქაოსი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში.
საინტერესოც არ არის რა ხდება ამ პოლიტიკურ პარტიაში. საინტერესო ერთადერთი არის ის, რომ ეს პარტია თანდათანობით სუსტდება, ამას უყურებს საზოგადოება. ეს არის კარგი იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს. ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და გააკეთებს არჩევანს ამ სრულ სიბნელეს შორის და მეორე მხარეს, სინათლეს შორის. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს ყველანაირი გაგებით პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით,“ - განაცხადა კობახიძემ.