რომან გოცირიძე - რა ანაკლიის ამშენებლები ხართ, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას

რა ანაკლიის ამშენებლები ხართ, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მართლა ვინმე შემოვა ქვეყანაში ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად, ესენი იქნებიან რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც მისცემენ გარანტიას, რომ შეიცვლება პროპორცია.

„გუშინ ვიხილეთ მთავრობის უბადრუკი მცდელობა გაასაღოს წარუმატებლობა წარმატებად და რომლის გამართლების ასეთივე უსუსური მცდელობა ვნახეთ დღეს პარლამენტის ამ დარბაზში. საკითხი ეხება ენერგეტიკას და ანაკლიის პორტს. თითოეული სიტყვა, რაც გუშინ მთავრობაზე ითქვა, თითოეული რიცხვი რაც იქნა დასახელებული, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა მოიქცა დანაშაულებრივად, დაანგრია ეკონომიკური პროექტები ენერგეტიკაში და ძირი გამოუთხარა ანაკლიის პორტის პროექტს. ერთადერთი რაც გულწრფელად წამოსცდათ, ეს იყო ის, რომ ხუთი წლის განმავლობაშიო, ჰესები არ აგვიშენებია ჩვენო და ისე რიხით ამბობდნენ, თითქოს, ხუთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ კი არ მართავდეს ამ ქვეყანას, არამედ უცხოპლანეტელები, ჰუმანოიდები ჩამოსული რომელიღაც ვარსკვლავებიდან. დანარჩენი, რაც სიამაყით გამოაცხადეს, ყველაფერი იყო ჩავარდნილი, მათი საქმიანობის ლუსტრაცია. გამოაცხადეს, რომ თურმე, 2.5 მილიარდის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ჰესებში და სულ მალე დაიწყება ტენდერების გამოცხადება. ეს ნიშნავს იმას, რომ ნენსკრა, რომელიც დაწყებული იყო და იყვნენ კორეელი ინვესტორები, ჩაფლავდა; "ნამახვანი" რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული ბნელი ძალების მიერ და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩაფლავდა. ნახევრად დამთავრებული და კომუნისტების დროს გვირაბი უკვე გაყვანილი იყო ხუდონზე, ეს პროექტი ასევე ჩაფლავდა. ახლა სიამაყით გვეუბნებიან, რომ ყველაფერს თავიდან გამოვაცხადებთო, როდესაც დღეს ყველა ეს პროექტი უნდა ყოფილიყო დამთავრებული და ექსპლუატაციაში შესული. რის ანაკლიის ამშენებელი ხართ მთავრობის მიერ. აგერ ბიუჯეტი გუშინ განვიხილეთ, სადაც 2.8 მლნ არის ჩადებული ანაკლიის პროექტის ტენდერის მოსამზადებლად, სადაც უცხოელი ინვესტორები უნდა შემოგვეყვანა. ახლა კომიტეტში ბიუჯეტს ვიხილავთ და განაცხადეს სხვა რამ, ანაკლიას მთავრობა ააშენებსო, 51%-ს დააფინანსებს მთავრობა და მერე მოვიძიებთ ვიღაცებს, ვინც 49%-ში შემოგვეკედლებაო. 49%-ში მონაწილეობას არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას, რომელიც ბუნებით არის არაეფექტიანი, და საქართველოს შემთხვევაში, არის კორუმპირებული და უყაირათო. თუ სახელმწიფო პორტი კარგია, მაშინ ფოთი რატომ არის კერძო? გახსოვთ რა იყო ფოთის პორტი? ჩამონგრეული, ტერმინალები რომ იყო გაყიდული ცალკეულ პირებზე და კრიმინალები რომ თარეშობდნენ. რისი სახელმწიფო ანაკლიის პროექტი. თუ მართლა ვინმე შემოვა აქ ამ ტენდერის შემდეგ, ესენი იქნებიან რუსული კომპანიები. ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც მისცემენ გარანტიას, რომ შეიცვლება პროპორცია. მთავრობას რომ აქვს 51%, გახდება 49 და მეორე მხარე გახდება 51%. რეალურად არ არის გამორიცხული, რომ ასე სასწრაფოდ ანაკლიის პროექტის დაანონსება გარკვეულ მოძრაობებთან იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, რაც გუშინ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა, კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანას ამ ხელისუფლებამ დააკარგვინა ანაკლიის პროექტი.

„პროექტის გაჩერებით ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. მისი პოლიტიკური როლის გაძლიერება, პირდაპირ მოემსახურა რუსეთს და ფაქტობრივად, ამ პროექტის გაჩერებით ხელისუფლებამ განახორციელა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. ეს პროექტი არის სიცოცხლისუნარიანი და აშენდება, მაგრამ არა ამ ხელისუფლების მიერ, არამედ იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხისა და ქვეყნის სამსახურზე და არა პირად ინტერესებზე. ვინაიდან გუშინდელი განცხადებები იყო გაჯერებული პირადი და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით“, -განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა