ბათუმში პარალეგალების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

ბათუმში პარალეგალების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, პროექტის "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომის" ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელზეც სამოქალაქო სამართლის საქმე განიხილებოდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ბოლქვაძე და გულიკო კაჟაშვილი, ასევე , USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტი, ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი, ხოლო ვერდიქტის გამოტანის პრიორიტეტი, როგორც ნაფიც მსაჯულებს, მინიჭებული ჰქონდათ პარალეგალებს - ბათუმელ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები სამართლებრივ საკითხებში და შეუძლიათ პირველადი იურიდიული დახმარების გაწევა.

„მხარეებს წარმოადგენდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ნატო ირემაძე და აკაკი ლომსაძე, ასევე, ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი სოფიო მენაბდიშვილი.

პროცესის ბოლოს პარალეგალები ორ ჯგუფად გაიყვნენ და გაიმართა დისკუსია ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ბოლოს პარალეგალებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ“,- აღნიშულია ინფორმაციაში, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.