ბიზნესი თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოსთვის - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კონფერენციას გამართავს

ბიზნესი თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოსთვის - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კონფერენციას გამართავს

თანასწორობა და მრავალფეროვნება ღირსეული სამუშაო გარემოს აუცილებელი წინაპირობაა და მის შექმნაში ბიზნესს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, სწორედ ამ თემას მიეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ თბილისში 14 დეკემბერს, უკვე მეხუთედ ჩატარდება.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ღონისძიებას გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების, ბიზნეს გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის, გენდერისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტები დაესწრებიან.

„ღონისძიების მონაწილეები სამუშაო ადგილზე თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის როლზე იმსჯელებენ, განიხილავენ წვლილს, რომლის შეტანაც კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიებს თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობაში შეუძლია, გაუზიარებენ ერთმანეთს ამ სტრატეგიების ფორმირების საკუთარ თუ საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ.

ღონისძიების ბოლოს კი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ახალი კომპანიებიც შეუერთდებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მათი რიცხვი უკვე 170-მდეა გაზრდილი, რაც კერძო სექტორის არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.