ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს ლიდერი სახელმწიფო იყო, ახლა არის დატყვევებული ქვეყანა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.
„დემოკრატიული უკუსვლის დაჩქარება გრძელდება. სასამართლო სისტემას "კლანები" მართავენ. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას გაუმართლებელი დაპატიმრება. მთავრობა პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოთი სარგებლობს და ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატო-ს წინააღმდეგაც კი. ეს არაფერია, თუ არა უსირცხვილო ტყუილი, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. მედია თავისუფლება უარესდება.
ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა, სინამდვილეში კი, დატყვევებული ქვეყანა მოიტანა. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და მათ, ვინც ამას ვერ შეასრულებს, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მიშას გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზეზების გამო“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.